აქტუალური
ქეთევან ციხელაშვილის მოადგილე ლია გიგაური იქნება

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლია გიგაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, გიგაური სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებებზე იმუშავებს.

ლია გიგაური 2013 წლიდან 2018 წლის სექტემბრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე კი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

ლია გიგაურს აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური, მენეჯერული და სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სწავლობდა ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. ასევე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, მათემატიკა-ფიზიკის ფაკულტეტზე. ასპირანტურა საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტში გაიარა. არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი“, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

აქამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია იყო, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.