აქტუალური
საქინფორმის პროგნოზი დადასტურდა - სახელმწიფო ბიუჯეტიდან იანვარ-სექტემბერში 718 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საქინფორმის 17 ოქტომბრის პუბლიკაციაში „საქართველოში ლარის გაუფასურების, ნავთობპროდუქტების გაძვირების და ამისი შედეგების შესახებ“, კერძოდ, ნათქვამია: „მიზეზებს შორის არის აგრეთვე ქართული ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა ფინანსური წლის დასრულებასთან დაკავშირებით, როცა ბრუნვაში შემოდის წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ აუთვისებელი ლარის დიდი რაოდენობა და სახელმწიფო რთული დილემის წინაშე დგება - ან ლარის კურსის დაცემა, ან ბოლომდე აუთვისებელი ბიუჯეტი“.

ერთი კვირის შემდეგ საქინფორმის პროგნოზი დადასტურდა - სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ცხრა თვის გეგმიდან 718 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა. მონაცემებს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინა აქვეყნებს. კერძოდ, იანვარ-სექტემბერში იგეგმებოდა 8,99 მილიარდი ლარის დახარჯვა, ათვისებამ კი 8,272 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილმა სამინისტროებმა სასწრაფოდ დაიწყეს ამ თანხების ათვისება, რამაც მიმოქცევაში ლარის დიდი რაოდენობით შემოსვლის გამო ეროვნული ვალუტის ინფლაცია გამოიწვია.

ყველაზე დიდი ჩამორჩენა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰქონდა. უწყების მიერ ცხრა თვეში მილიარდზე მეტის დახარჯვა იგეგმებოდა. ათვისებამ კი 806 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 204 მილიონით ნაკლებია.

178 მილიონი ლარის ნაცვლად 120 მილიონი დაიხარჯა ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან. ცხრა თვეში უწყების მიერ აუთვისებელი თანხა 58 მილიონი ლარი იყო.

დაგეგმილზე 48 მილიონი ლარით ნაკლები დახარჯა თავდაცვის სამინისტრომ. იანვარ-სექტემბრის გეგმა 628 მილიონი ლარი იყო, ათვისებამ კი 580 მილიონი ლარი შეადგინა.

გეგმურ ხარჯებთან 77 მილიონი ლარით ჩამორჩენა დაფიქსირდა ჯანდაცვის სამინისტროში. 2,662 მილიარდი ლარის ნაცვლად დაიხარჯა 2,585 მილიარდი ლარი.