პუბლიკაციები
მზად ვართ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის! - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, პირველ ტურში პირველი ადგილი გამარჯვებაა.

შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი - ეს არის გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბინძური კამპანიის, ცილისწამების, ყველა იმ ხერხების და მეთოდების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას, პირველი ადგილი პირველ ტურში. „რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება, მოვხსნა კანდიდატურა. და რა? ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? მხარდამჭერები და თანამებროძლები მივატოვო შუა ბრძოლაში?

მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხისა და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვართ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის, რადგან მჯერა თქვენი, ვინც დღეს მისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის. მჯერა იმის, რომ თქვენ იცით, რა მინდა საქართველოსთვის. თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორ პარტიას შორის, დღეს არჩევანია ორ საქართველოს შორის. როგორი გვინდა ეს საქართველო, ეს არის არჩევანი და ეს არის მეორე ტური. ჩვენ ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა თქვენი. მივდივარ ბროლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე. ევროპა - საქართველოს თანამედროვე მომავალი. ერთად საქართველოსთვის!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ყველა მოქალაქეს, ვინც არჩევნებზე მივიდა, ვინც მას მხარი დაუჭირა. მან მადლობა გადაუხადა ასევე „ქართულ ოცნებასა“ და „ოცნების“ აქტივისტებს.

პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც დამიჭირა მხარი და ხმა მომცა. ყველას, ვინც ძალიან დიდხანს, ეს ბოლო ორი-სამი თვე აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამ კამპანიაში, რომელიც ადვილი არ იყო, „ოცნებას“, „ოცნებისაქტივისტებს, შტაბის მხარდამჭერებსა და უბრალო ადამიანებს, ვინც თავიანთი ინიციატივით ჩაერთნენ ამ კამპანიაში და იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები, ყველაზე გულწრფელი დამცველები. ყველა ამ ადამიანის გამარჯვებაა ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.