პოლიტიკა
„ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებას თბილისში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ნორმატიული ფასის ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებენ

sasoflo_sameurneo„ახალი მემარჯვენეები“ თვლიან, რომ თბილისის შემადგენლობაში შემავალ სოფლებში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ნორმატიული ფასების მომატება გაამწვავებს ისედაც მძიმე სოციალურ ფონს ქვეყანაში და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინფლაციისა და ფასების ზრდას.

განსხვავებით ტელეშოუში „პრეზიდენტი პასუხობს ხალხს“ დაფიქსირებული პოზიციისა, რომ ინფლაცია და ფასების ზრდა მხოლოდ გარე ფაქტორებითაა გამოწვეული და ხელისუფლებას მასთან ბრძოლის ბერკეტები არ გააჩნია, მიხეილ სააკაშვილმა ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში აღიარა, რომ ეს პროცესები ძირითადი გამოწვევაა ქვეყნისთვის და ხელისუფლება აპირებს მიიღოს ზომები მის შესაჩერებლად. თუმცა გაირკვა, რომ სასოფლო–სამეურნეო წარმოების განვითარების დაპირებული ხელშეწყობა მხოლოდ დეკლარირების დონეზე ხდება და ხელისუფლება დახმარების ნაცვლად კიდევ უფრო უმძიმებს პირობებს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოებით დაკავებულ ადამიანებს. 28 იანვარს დედაქალაქის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც სამჯერ გაიზარდა ფასები სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე თბილისის შემადგენლობაში შემავალ 22 სოფელში. აღნიშნული სოფლების მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოებაა და ისინი დედაქალაქის მოსახლეობის ერთერთი ძირითადი მომმარაგებლები არიან ბოსტნეულითა და რძის პროდუქტებით. მიწებზე ფასების საგრძნობი ზრდა, ბუნებრივია, აისახება მათ საქმიანობაზე და პროდუქციის საბოლოო ფასზე.

„ახალი მემარჯვენეები“ 2006 წელს კატეგორიულად ვეწინაღმდეგებოდით დედაქალაქის გარშემო მდებარე სოფლების თბილისთან შემოერთებას და ვთვლიდით, რომ ეს უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნიდა ამ სოფლების მოსახლეობას, ვიდრე რაიმე სიკეთეს მოუტანდა. ხელისუფლება კი ამ ნაბიჯის გადადგმას ასაბუთებდა აღნიშნული სოფლების ინფრაქსტრუქტურის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვით.

„ახალი მემარჯვენეები“ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაითვალისწინოს, რომ ინფლაცია და ფასების ზრდა ძალიან მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას და გადადგას რეალური ნაბიჯები ამ პროცესის შესაჩერებლად: სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოება და გადამუშავება გაათვისუფლოს გადასახადებისგან და გააუქმოს განკარგულება მიწის გადასახადისა და შესასყიდი ფასების გაზრდის შესახებ.

 

დანართი

ქალაქ თბილისის მერიის 14 იანვრის დადგენილებით და ქალაქ თბილისის საკრებულოს 28 იანვრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მიმდებარე 22 სოფელში მიწის გადასახადი შეიცვალა და ასე განისაზღვრა (1 ჰექტარზე წელიწადში):

 

სასოფლო–სამეურნეო მიწები

ა) სათიბები და საძოვრები:

2009 წელი (იყო) 2011 წელი (არის)

ბუნებრივი სათიბი 6 ლარი 18 ლარი

ბუნებრივი საძოვარი 3 ლარი 15 ლარი (საშ. 4–ჯერ გაიზარდა)

გაკულტურებული სათიბი 8 ლარი 20 ლარი

გაკულტურებული საძოვარი 4 ლარი 16 ლარი (საშ. 3–ჯერ გაიზარდა)

 

ბ) სხვა სახის მიწები:

1. თბილისი

2009 წელი (იყო) 2011 წელი (არის)

კარგი მიწა 57 ლარი 100 ლარი

მწირი მიწა 31 ლარი 74 ლარი (საშ. 2–ჯერ გაიზარდა)

2. სააგარაკე სოფლები

კარგი მიწა 52 ლარი 95 ლარი

მწირი მიწა 27 ლარი 70 ლარი (საშ. 2–ჯერ გაიზარდა)

3. სხვა სოფლები

კარგი მიწა 39 ლარი 82 ლარი

მწირი მიწა 21 ლარი 64 ლარი (საშ. 2.5–ჯერ გაიზარდა)