პუბლიკაციები
თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებსა და პოლიტიკური გაერთიანების წევრებს მოუწოდებს, შეიარაღებული ძალების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ნუ ეცდებიან (ვიდეო)

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღებელია, სამხედრო ფორმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზების მცდელობა, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც თავდაცვის უწყება, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების განცხადებას ეხმაურება.

თავდაცვის სამინისტოს განცხადებით, სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

გვინდა, გამოვეხმაუროთ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, კონკრეტულად კი, გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე გააკეთა. პირველ რიგში, გვინდა განვმარტოთ, რომ დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი პირები არ არიან მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები და წლებია, აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში (ვიდეო იხ. აქ).

სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროსთვის და სახელმწიფო ინტერესებისთვის ყოვლად მიუღებელია, სამხედრო ფორმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და ჯარის პოლიტიზების მცდელობა. აღნიშნული ქმედება დამაზიანებელია ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციისთვის, როგორიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალები და შეურაცხმყოფელია თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის. მოცემული განმარტების მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რათა არ შეიქმნას ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს შეიარაღებული ძალები პოლიტიკურად მიკერძოებულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი და ის არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში.

შესაბამისად, უწყება მოუწოდებს მოქალაქეებსა და პოლიტიკური გაერთიანების წევრებს, პოლიტიკურ თუ საარჩევნო კამპანიაში შეიარაღებული ძალების რამე ფორმით ჩართვას ნუ ეცდებიან.