პუბლიკაციები
საქინფორმი: ერთიანი ევროპული არმიის შექმნის შემთხვევაში ნატო არსებობას შეწყვეტს: სად წავა საქართველო?

     ანგელა მერკელი მხარს უჭერს ერთიანი ევროპული არმიის შექმნას - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ ძლიერ ევროპას ძალუძს საკუთარი ღირებულებების დაცვა. „წავიდა ის დრო, როცა სხვის იმედზე ვიყავით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ევროპელებმა, ჩვენი ბედი საკუთარ ხელში უნდა ავიღოთ!“, - აღნიშნა მერკელმა.

     როგორც ცნობილია, ამ ინიციატივით გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპის ერთიანი არმიის შექმნის იდეა, რადგან ის ამერიკისათვის შეურაცხმყოფელად მიიჩნია და შესთავაზა, ბოლოს და ბოლოს, გაარკვიონ - გადაიხდის ევროკავშირი ნატოსთვის იმდენს, რამდენიც კოლექტიური უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი თუ არ გადაიხდის.

     მაშ ასე, საქართველო ნატოსკენ და ევროკავშირისკენ ისწრაფვის, ამიტომ მის დღევანდელ პოლიტიკას ევროატლანტიკური ეწოდება. მაგრამ თუ ევროკავშირი საკუთარ არმიას შექმნის, მას აღარ ექნება ფული ნატოს საწევრო გასადახადისთვის, სადაც ის, როგორც ტრამპს მიაჩნია, ახლაც არ იხდის საკმარისს. აშშ კი ნატოს თავისი ბიუჯეტით აღარ ზიდავს და ალიანსიც არსებობას შეწყვეტს.

     ასეთ შემთხვევაში საით გაესწრაფება საქართველო, რომლის მთელი საგარეო პოლიტიკა ევროატლანტიზმზეა აგებული? ვის მხარეს დადგება საქართველო - თავისი №1 სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის მხარეს, რომელთანაც სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას მოაწერა ხელი, თუ ევროკავშირის მხარეს, რომელთანაც ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და სანაცვლოდ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მიიღო? და კვლავაც ძველებურად გავაგრძელებთ თუ არა მტკიცებას, რომ ქართველები ჭეშმარიტი ევროპელები არიან?

     ვის დარჩება ნატოსთან ერთობლივი სამხედრო ცენტრი საქართველოში, ძნელი მისახვედრი არ არის - ის მემკვიდრეობით გადავა ნატოს მთავარი სპონსორის აშშ-ის ხელში, ტყუილად ხომ არ აშენებს პენტაგონი ჩვენთან სამხედრო მომზადების ცენტრს და აეროდრომს ვაზიანში. ჰოდა, განა დაშლის პირას მყოფი ნატოს გულისთვის, რომელიც საქართველოს მაინც არ მიიღებს, ისევე, როგორც ევროკავშირი, რუსეთთან კამათი და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაკარგვა ღირდა?

     თუნდაც ნატო არ დაშლილიყო და თავის შემადგენლობაში მივეღეთ, ან სასწაული მომხდარიყო - საქართველო ევროკავშირში მიეღოთ (ანუ მის დასაცავად ახლად შექმნილი ევროპული არმია აღმდგარიყო!), ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპული ქვეყნების ყველა არმია, გინდ ნატოში და გინდ ერთიან ევროპულ არმიაში გაერთიანებული, აბსოლუტურად არაქმედუნარიანია ცალკე რუსეთის არმიის, ან ცალკე აშშ-ის არმიის, ანდა ჩინეთის არმიის წინაშე, რომლებისგანაც, მაკრონის იდეით, ერთიანი ევროპული არმია მოწოდებულია, ევროპა დაიცვას...

 

საქინფორმი
2018 წლის 15 ნოემბერი
საქართველო, თბილისი