პუბლიკაციები
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის ათ თვეში 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა - საქსტატი

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ქართული პროდუქციის ექსპორტი 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში 24,5%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 2,8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

წლის დასაწყისიდან საქართველოში შემოიტანეს დაახლოებით 7,6 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია – 19,2%-ით მეტი, ვიდრე 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში.

მთლიანობაში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის ათ თვეში 20,5%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 10,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნეს, რომ ექსპორტის ზრდის დინამიკა 2016 წლიდან შეინიშნება, ხოლო მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირდა რეკორდული – 50,2%-იანი ზრდა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ეს რამდენიმე ფაქტორით ახსნა, მათ შორის, გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით.

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან (EFTA) და დსთ-ის ქვეყნებთან.

უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტი მოახდენს შეთანხმების რატიფიკაციას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჰონგ-კონგთან.

გარდა ამისა, საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის თაობაზე. ასევე მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ.

გარდა ამისა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შესაძლოა საქართველომ და იაპონიამ დაიწყონ. ამის შესახებ საქართველოს და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში 4 სექტემბერს განაცხადეს.