სამართალი
სადარბაზოდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობა ევაკუირებულია, კორპუსის უსაფრთხოება შემოწმდება - თბილისის მერი

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. კორპუსის სადარბაზოდან, სადაც ზემო ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, შემოწმდება, რამდენად უსაფრთხოა კორპუსში სამომავლოდ ცხოვრება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახ კალაძემ განაცხადა, რომელიც აფეთქების ადგილზე მივიდა.

სადარბაზოდან, სადაც აფეთქება მოხდა, ევაკუირებულია მოსახლეობა. ისინი გადაყვანილი იქნებიან სხვადასხვა მისამართზე, რასაც გამგეობა და დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს. ასევე შევამოწმებთ, რამდენად უსაფრთხო იქნება ამ კორპუსში სამომავლო ცხოვრება. თუ დამატებითი გამაგრებითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, ამას ადგილობრივი მთავრობა აიღებს თავის თავზე. ვისაც დასჭირდება, ყველას დავეხმარებით“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, აფეთქების ზუსტი მიზეზი მოგვიანებით დადგინდება.

რამდენიმე სართულია დანგრეული. არიან დაშავებულები. ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ნანგრევებში დედა-შვილის პოვნას ვერ გიდასტურებთ. ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. არც ის ვიცი, აფეთქების დროს ისინი სახლში იმყოფებოდნენ თუ არა“, – განაცხადა კახი კალაძემ.

თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შალვა ხუციშვილის განცხადებით, აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ.

ამასთან, შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მათ მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვთ.