პუბლიკაციები
საქინფორმი: ვინ უკარნახა ივანიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მთელ ქალაქში თავისი ფოტოები გაეკრა?!

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი: თბილისში ბილბორდებზე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ფოტოებს ზედ დააკრეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ფოტოები, რამაც, ფეისბუქში გაღიზიანებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოებაში ირონიული და უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. „ქართულ ოცნებაში“ ამას არჩევნების მეორე ტურში ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მმართველი პარტიის ახალი სტრატეგიით ხსნიან. „პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სხვა პოლიტიკური ლიდერების ბანერების განთავსება ქალაქის ქუჩებში ახალი სტრატეგიის ნაწილია. მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში განახლდა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდები და სლოგანი“.

საქინფორმმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პიარი და პრესა მმართველი პარტიის ორი „აქილევსის ქუსლია“. ჯერ - ჩავარდნილი „ფსიქოპროექტი“, რომელმაც დაარწმუნა ივანიშვილი, რომ ზურაბიშვილი პირველსავე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდა, ახლა კი - ბილბორდები... აშკარაა, ვიღაცამ ისევ დაარწმუნა ივანიშვილი, რომ „ამომრჩევლებისათვის მხურვალედ საყვარელი ქო-ს ლიდერების ფოტოების მხოლოდ გამოჩენაც კი მეორე ტურში გამარჯვების გარანტიაა“. თუმცა პროექტი „სალომე“, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაიწყო, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მას, „დამოუკიდებელ კანდიდატს“, უბრალოდ, მიუტანა დედაქალაქის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი, შეცდომა იყო. ისეთივე შეცდომა, როგორიც მისი წამოყენება საქართველოს პრეზიდენტობის „დამოუკიდებელ კანდიდატად“, რომელსაც ყველა არსებული რესურსით, ღიად უჭერს მხარს მმართველი პარტია. ასეთი უპრეცედენტო მობილიზაცია, როგორც ამჟამინდელი არცთუ პირველხარისხოვანი არჩევნების დროს, „ქართულ ოცნებას“ არასდროს გამოუჩენია, 2012 წელსაც კი, როცა მაშინდელი მმართველი პარტიის, სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ დასამარცხებლად იბრძოდა.

 

საქინფორმის რედაქცია