პუბლიკაციები
ივანიშვილმა სააკაშვილს ორი სასიკვდილო დარტყმა მიაყენა და, პრაქტიკულად, უკვე მოიგო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - საქინფორმი

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში 28 ნოემბრისათვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურამდე 10 დღე რომ რჩებოდა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის ყოფილ მმართველ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ორი მოუგერიებელი დარტყმა მიაყენა, რომლებიც უდავოს ხდის საქინფორმის პროგნოზს მე-2 ტურში მმართველი პარტიის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შესახებ.

პირველი დარტყმა: საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც ე. წ. შავ სიებში ირიცხებოდნენ ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და კერძო მევახშეებისთვისაც კი სესხების გადაუხდელობის გამო, ბიძინა ივანიშვილმა ვალები დაუფარა, რაც ჯამში 1,5 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს (555 მილიონ 555 ათას 555 დოლარს დღევანდელი კურსით: 1$ - 2,79ლარი). ეს იმას ნიშნავს, რომ მე-2 ტურში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ანუ სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურში მიღებულ 615 ათას ხმაზე დამატებით, მინიმუმ, კიდევ 600 ათას ხმას მიიღებს. ეს იქნებიან როგორც ამომრჩევლები, რომლებიც პირველ ტურზე არ გამოცხადდნენ, ისე ისინი, ვინც ხმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს მისცა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურზე ამომრჩეველთა 47% გამოცხადდა და ზურაბიშვილის მეტოქემ სააკაშვილის პარტიისაგან (ენმ) გრიგოლ ვაშაძემ 600 ათასი ხმა მიიღო (ზურაბიშვილზე 15 ათასი ხმით ნაკლები).

მეორე დარტყმა: ბიძინა ივანიშვილმა, პრაქტიკულად, დაშალა „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე შექმნილი პარტია „ევროპული საქართველო“ (ლიდერები - უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, პარლამენტარი გიგა ბოკერია, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე - ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატი პარტიისაგან დავით ბაქრაძე). პირველ ტურში „ევროპულმა საქართველომ“ 175 ათასი ხმა მიიღო, რომელთა გადაცემა მე-2 ტურში სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადაწყვიტა.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ჰელსინკიში, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე, კოკაინის დიდი დოზის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ორაზროვნად განაცხადა - „ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!“, მაგრამ თანამოაზრეთა კვლავ „ერთ ოჯახში“ გაერთიანებას ხელი შეუშალა ივანიშვილმა, აგრეთვე სააკაშვილის და თავად ვითომდა ენმ-დან გამოყოფილი პარტიის ლიდერების შეცდომამ. თავდაპირველად ისინი „ქართულ ოცნებას“ ეკურკურებოდნენ, 2 ფრონტზე თამაშს, მეორე ტურში კი სააკაშვილის კანდიდატის მხარდაჭერას აპირებდნენ, მაგრამ საკუთარი ელექტორატის აზრი არ გაითვალისწინეს. ამ ტაქტიკით განრისხებული „ევროპული საქართველოს“ წევრები - რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის ახსნა-განმარტებითი მუშაობის წყალობითაც - მასობრივად, მთელი პარტიული ორგანიზაციებით ტოვებენ პარტიას - გასულ კვირას ეს გახლდათ თბილისის ვარკეთილის ორგანიზაცია, გუშინ კი - აჭარის მთელი რეგიონული ორგანიზაცია.

ამგვარად, სააკაშვილის პარტია მე-2 ტურში არა მხოლოდ ბანკების უღლისგან გათავისუფლების გამო ივანიშვილის მადლიერ ამომრჩევლებს დაკარგავს, არამედ „ევროპელი ქართველებისგან“ იმ 175 ათას ხმასაც ვერ მიიღებს, რომელთა იმედიც ასე ჰქონდა...

 

საქინფორმის რედაქცია