რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: 2 წელიწადში „ქართულმა ოცნებამ“ 3 ამოცანა უნდა გადაჭრას: მშივრები დააპუროს, დამნაშავეები დასაჯოს და რუსეთს დაუმეგობრდეს

     ზეგ, 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური ჩატარდება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და ექსპრემიერ ივანიშვილის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელშიც 10 პროცენტის უპირატესობით ეს უკანასკნელი გაიმარჯვებს.

     საქართველოში მე-2 ტური პირველად ჩატარდება, მასში პირველად მიიღებს მონაწილეობას ხალხში არაპოპულარული ორი კანდიდატი ორი ნაკლებად პოპულარული პარტიის - მმართველი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ყოფილი მმართველი „საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისაგან“, მაგრამ ამომრჩეველთა უმრავლესობა აირჩევს პარტიას, რომელმაც საქართველოში დემოკრატია მოიტანა, ანუ - პირველს, და არა ჯალათების სისხლიან რეჟიმს და მორიგ „ვარდების რევოლუციას“.

     როცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ენმ-ს „ნაღები“ ციხეში კი არა, პარლამენტში აღმოჩნდა, თუნდაც უმცირესობით, როდესაც 2013 წელს სააკაშვილს საშუალება მისცეს, მშვიდად დაეტოვებინა ქვეყანა, აშკარა გახდა, რომ საქართველოს მთავარი „გზაჯვარედინი“ ჯერ არ გაუვლია. მთელი ეს 6 წელი ჩვენ ვცხოვრობდით, როგორც საროსკიპოში და იაფფასიან თეატრში ერთდროულად - ჩვენ შორის დადიოდნენ მკვლელები და მოძალადეები, ჩვენ კი თავს ვიკატუნებდით, „დემოკრატებად“ და „ჭეშმარიტ ევროპელებად“ მოგვქონდა თავი, და დავივიწყეთ, რომ სიტყვები „კოჰაბიტაცია“ და „ტოლერანტულობა“ „თანაცხოვრებას“ და „შემწყნარებლობას“ ნიშნავს.

     დღეს ივანიშვილმა, ბოლოს და ბოლოს, მოინანია „მენეჯმენტში“ დაშვებული შეცდომები და მათ გამოსასწორებლად 1 წელი ითხოვა. ქართველი ხალხი მას 2 წელიწადს მისცემს - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ოღონდაც 3 ძირითადი ამოცანა გადაჭრას - მშივრები დააპუროს, დამნაშავეები დასაჯოს და რუსეთს დაუმეგობრდეს. მაგრამ ეს უკანასკნელი „კარტ-ბლანში“ იქნება, თუ ამ 2 წლის განმავლობაში: 1 - ათიათასობით მოქალაქე ვერ მიიღებს სამუშაო ადგილებს ფაბრიკა-ქარხნებში, გლეხები კი ქალაქის ასფალტიდან, სადაც ტაქსაობდნენ და ბაზრობებზე ვაჭრობდნენ, მიწას არ დაუბრუნდებიან; 2 - თუ არ აიკრძალება პარტია ენმ - საერთაშორისო დანაშაულებრივი ტერორისტული დაჯგუფება, რომლის წევრები 2003-2012 წელს ჩადენილი დანაშაულებისთვის დაისჯებიან; 3 - თუ არ მოხდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა (10 წლის წინ სააკაშვილის სურვილით რუსეთთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა ავტომატურად აღდგება, თუკი საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული სადავო საკითხების „ქეისის“ დეფრაგმენტაცია მოხდება დღესვე მოგვარებად და მომავლისთვის გადადებულ საკითხებად).

     რაც შეეხება აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, აქ პირველი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ არის არა საქართველოს მთავრობის ამავე სახელწოდების პროგრამა, არამედ ისევ და ისევ ზემოთ ჩამოთვლილი სამი ამოცანის გადაჭრა. მაგრამ სანამ საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს დივერსიული ცენტრი - სააკაშვილის „პრეზიდენტის ბიბლიოთეკა“, რომლის ფასადს ოქროს ასოებით მისი უზარმაზარი ხელმოწერა ამშვენებს და რომლის თაროებზე თავს იწონებენ საერთაშორისო ტერორისტ ფეთჰულაჰ გიულენის წიგნები (რომლის ფულითაც აშენდა ეს ბიბლიოთეკა), ოსებთან და აფხაზებთან შერიგებაზე ლაპარაკი სასაცილოა! ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პირველი ნიშანი კი იქნება მალევიჩის „შავი კვადრატი“ ტელეეკრანებზე 24 საათის განმავლობაში - იმ არხზე, სადაც სააკაშვილის პროპაგანდისტული ტელეკომპანია „რუსთავი-2“ მაუწყებლობს.

     შექმნილ ვითარებაში ყოველივე ამის განხორციელება მხოლოდ იმ პირობით შეიძლება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება, რომელიც:

       განახორციელებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ და ინსტიტუციურ რეფორმებს - ორჯერ შეამცირებს პარლამენტარების რიცხვს - 150-დან 75-მდე, სამინისტროების და უწყებების ჩინოვნიკებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ნახევრის ლიკვიდაციას მოახდენს. დარჩენილ ხელმძღვანელ რგოლებს ორჯერ შეუმცირებს ხელფასებს, გააუქმებს დანამატებსა და პრემიებს; განახორციელებს ხელისუფლების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების - საკრებულოების და მერიების - შერწყმას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან ერთდროულად მოამზადებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს.

       დაიწყებს მმართველი პარტიის ლიდერშიფის ტოტალურ განახლებას - 2020 წლის საქართველოს პარლამენტში აღარ უნდა იყვნენ გასული მოწვევების დეპუტატები, „ძველი“ და „ახალი“ სახეები, რომლებიც ერთნაირ ზიზღს იწვევენ საზოგადოებაში! ამავე დროს მმართველმა პარტიამ ღირსეულად უნდა დააფასოს პროფესიონალი პატრიოტების დამსახურება, რომელთა წყალობით 2012 წლიდან დღემდე „ქართული ოცნება“ ყველა არჩევნებს იგებს. აუცილებელია, უარი ითქვას მრჩევლების, თანაშემწეების, „პიარშჩიკების“, ექსპერტების, ასტროლოგების, პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების და სხვა მედიუმების - სახელმწიფო და პარტიული მშენებლობის სფეროში დილეტანტების სამსახურზე, რომელთა კონტრპროდუქტიულმა რჩევებმა ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში კინაღამ სააკაშვილის დიქტატურა დააბრუნა. „ქართული ოცნება“ კი ხალხისათვის ღია პარტია უნდა გახდეს და არა მილიონერთა ელიტური კლუბი!

     ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასურველია, ბიძინა ივანიშვილი ერთი დღით მარტო ჩაიკეტოს კომპიუტერთან ერთად, რათა აირჩიოს, შემდეგ კი კონსულტაციები ჩაატაროს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ავტორიტეტის მქონე პროფესიონალებთან - სხვადასხვა სფეროს პრაქტიკოსებთან, აგრეთვე ანალიტიკოსებთან, რომელთა პროგნოზები მართლდება და რომლებიც 10 და 20 წლის წინაც სიმართლეს ამბობდნენ (ამგვარი „ქასთინგის“ ჩატარება რთული არ არის, კომპეტენტური ქართველი პოლიტოლოგები ხომ ძალზე ცოტანი - ერთი ხელის თითებზე დასათვლელები არიან!). შემდეგ მათგან საკონსულტაციო საბჭო ჩამოაყალიბოს, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ სპეციალისტებით, მათი თანხმობის შემთხვევაში, პარლამენტი და მთავრობა დააკომპლექტოს და სახელმწიფოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხები მათ გადააბაროს.

     მიმაჩნია, რომ საკონსულტაციო საბჭოს ქვეყნის მბრძანებლებისთვის ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია უნდა ყოფილიყო, რუსეთისთვის ოკუპანტი აღარ გვეწოდებინა, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში აფხაზები და ოსები კოლაბორაციონისტები გამოდიან, ანუ - მოღალატეები და არა ძმები! გარდა ამისა, ეს რუსეთის ფედერაციასთან ჰუმანიტარული თანამშრომლობის კვლავ გაწყვეტით გვემუქრება, რომელიც 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან ერთად აღადგინა (შეგახსენებთ, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში თბილისში რუსეთ-საქართველოს 3 ფორუმი ჩაიშალა: მედიის, ბიზნესის და კინოფორუმი).

       ევროპულ ქვეყნად გახდომის სურვილს, აგრეთვე აშშ-სთან მეგობრულ ურთიერთობას არაფრით ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ახალი ინსტალაცია თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით, რასაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება ნატოში გაწევრიანების აკვიატებული იდეა - ალიანსში, რომელიც აღარც აშშ-ს სჭირდება (ტვირთად აწევს ამერიკის ბიუჯეტს), აღარც ევროკავშირს (ისინი საკუთარ ევროპულ არმიას ქმნიან). ამიტომ აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციიდან იმ აბსურდული ჩანაწერის ამოღება, რომ ნატოსკენ სწრაფვა ქართველი ერის ისტორიული ოცნება და მისიაა, და პარლამენტში ქვეყნის სამხედრო დოქტრინის განსახილველად შეტანა (რისი გაკეთებაც აუცილებელი იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ).

      იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ისევ სანახევრო ღონისძიებებით შემოიფარგლებიან, ვასალივით დასავლეთისაკენ გახედვას არ მოიშლიან და კანონით გათვალისწინებულ ზომებს არ მიიღებენ სააკაშვილის და მისი გუნდის წინააღმდეგ, რომლებიც ღიად ამზადებენ თბილისში „ფერად“ სახელმწიფო გადატრიალებას, საქართველოში ისევ დაიწყება სამოქალაქო ომი. შედეგად, არეულობით მოცულ საქართველოში „კონსტიტუციური წყობის დაცვის საქმეში დასახმარებლად და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენების და სატრანსპორტო მაგისტრალების დასაცავად“, შესაძლოა, რუსეთის, თურქეთის და ამერიკის ჯარები შემოვიდნენ - ყველა ერთად, როგორც ეს სირიაში მოხდა. ცნობილი არ არის, დაიყოფა თუ არა საქართველო დაპირისპირებულ სექტორებად, რომელთა შორის სამშვიდობო ჯარი ჩადგება, დაკარგავს თუ არა ის მორიგ ტერიტორიებს მოვლენათა „უკრაინიზაციის“ შედეგად. მაგრამ თუნდაც სააკაშვილმა ნიდერლანდებიდან ვითარების „რადიკალიზაცია“ ამჯერად ვერ მოახერხოს (გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მისი დავალების შესრულებას და საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის გაყალბების საბაბით მომხრეთა ხელჩართულ ბრძოლაში გაყვანას უფრთხიან), ის ქართული „მაიდანის“ მოწყობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეეცდება.

 


საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
წყარო NEWS FRONT
2018 წლის 26 ნოემბერი