რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ვის აწყობს საქართველოში დესტაბილიზაცია, ანუ რა უთხრა ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს და როს უილსონს

საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს ჩატარდა და მეორე დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის რეზიდენციაში პრეზიდენტობის გამარჯვებული კანდიდატი მიიწვია, თუმცა სალომე ზურაბიშვილი სულ ორი დღით ადრე ესტუმრა მას, ხოლო ინაუგურაციამდე პრეზიდენტად არ ითვლება. მომდევნო დღეს კი ილია მეორემ საპატრიარქოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი დაპატიჟა, რომელიც ელჩი მხოლოდ აგრემანის მიღების მერე გახდება, ანუ ეს ორი აუდიენცია საეტიკეტო ნამდვილად არ ყოფილა.

     რა საგანგებო მიზეზებმა გადააწყვეტინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ამ შეხვედრების ჩატარება? რა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სათქმელი ჰქონდა ქართველი ერის სულიერ მამას, რომლის რეიტინგი საქართველოში საერო ხელისუფლებაზე ბევრად მაღალია?

     85 წლის ილია მეორე იძულებული გახდა, დესტაბილიზაციის ზღვარზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩარეულიყო, რათა კალაპოტში დაებრუნებინა ისინი. კათოლიკოს-პატრიარქს ტახტზე ყოფნის 41 წლის განმავლობაში უკვე მერამდენედ მოუხდა, თავის თავზე აეღო მედიატორის როლი, რათა ლაგამი ამოედო თავისი უგუნური შვილებისათვის, რომლებიც შინა დაპირისპირებებითა და კინკლაობით გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ქართულ სახელმწიფოს - მის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიან და საერთაშორისო იმიჯს ულახავენ!

     უპირველეს ყოვლისა, პატრიარქმა ჩააჩუმა პოლიტ-მიტროპოლიტები, რომლებმაც ამბიონი პოლიტიკურ ტრიბუნად გადააქციეს და ბოლო ორი წელი თავიანთი ტელეგანცხადებებით, ინტერვიუებითა და ქადაგებებით მრევლის წინაშე წმინდა წყლის პოლიტიკოსებად წარდგნენ! პატრიარქის გაფრთხილებამ - თავი შეეკავებინათ წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობისაგან, ნებისმიერი კანდიდატისათვის მხარის დაჭერისაგან - ეფექტი მოახდინა და მათი ხმები ერთბაშად მიჩუმდა.

     პოლიტიკოსებთან კი საქმე უფრო რთულად აღმოჩნდა. საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობას ილია მეორე ინარჩუნებს, პოლიტიკური კონიუნქტურის მიუხედავად. „დიდი სიფრთხილე გმართებთ რუსულ ეკლესიასთან მიმართებაში, როცა მას თქვენს წერილებში ახსენებთ. არ დავანგრიოთ ეს უკანასკნელი ხიდი რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში“, - მითხრა პატრიარქმა ერთ-ერთი შეხვედრის დროს. „რას ბრძანებთ, თქვენო უწმინდესობავ, ხიდირბეგიშვილი ვარ და ხიდს როგორ დავანგრევ?!“ - ხუმრობით ვუპასუხე მას, რითაც ძალიან გავაცინე. სწორედ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირის არ გაწყვეტის გამო სააკაშვილის ლიბერტარიანელი წიწილები - ომბუდსმენის მფარველობის ქვეშ გათავხედებული რელიგიური და სექსუალური უმცირესობების დამცველი არასამთავროები და მათთან აფილირებული მედია - ილია მეორეს კრემლთან და КГБ-სთან თანამშრომლობას აბრალებდნენ! ამიტომ ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რა სევდითა და სინანულით ადევნებდა პატრიარქი თვალს ამ ბოლო საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას, რომელიც ზუსტად ასეთსავე აბსურდულ ურთიერთბრალდებებზე იყო აგებული.

     მხარეები არაფერს თაკილობდნენ, მაგალითად, ვაშაძემ პატრიარქთან აუდიენციის შემდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა - თითქოსდა, უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, „რა გეგმები აქვს „ნაცმოძრაობას“ იმისთვის, რომ საქართველოში დაინგრეს მახინჯი სისტემა, რომელსაც ამდენი ხანია წარმოშობს „ქართული ოცნების“ ერთპარტიული და ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა“. სინამდვილეში კი პირიქით - უწმინდესმა არაერთხელ დააფიქსირა თხოვნა, რომ „პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაცული ყოფილიყო კორექტულობა, როგორც ქვეყნის სწორი განვითარებისთვის აუცილებელი პირობა“! იმით განაწყენებულმა ვაშაძემ, რომ საპატრიარქომ საგანგებო განცხადებით მისი ტყუილი ამხილა, მორიგი უღირსი ნაბიჯი გადადგა - კრიმინალ ოქრუაშვილთან ერთად ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობთან საგანგებოდ გაიქცა, რადგანაც დაიჯერა წლების განმავლობაში სპეციალურად გავრცელებული ჭორი, თითქოს მეუფე პატრიარქის მეტოქეა და მის შემდეგ პატრიარქის ტახტის მთავარი პრეტენდენტი!

     უშეცდომო არც ზურაბიშვილის მხარდამჭერთა გუნდი აღმოჩნდა, სადაც ვაშაძის ბიოგრაფიიდან ფაქტებით აპელირებისას, რომლებიც, ვითომდა, უდავოდ მეტყველებდნენ მის კოლაბორაციონიზმზე და КГБ-სთან თანამშრომლობაზე, ვერ შენიშნეს, რომ ამით გრიგოლის არაფრით გამორჩეულ, ცოტა კარიკატურულ ფიგურას სერიოზული რეკლამა გაუკეთეს! ამ ბრალდებების წყალობით ვაშაძე - რიგითი საკანცელარიო მუშაკი, რომელიც რამდენიმე წელი სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა - გადაიქცა „გამოჩენილ საბჭოთა დიპლომატად, რომელსაც რუსული დიპლომატიის ბრწყინვალე სკოლა ჰქონდა გავლილი“, და ლამის „КГБ-ს ელიტად“ - ანუ განსაკუთრებული ნიჭიერების, გამორჩეული აზროვნებისა და მდიდარი გამოცდილების მქონე სახელმწიფო მოღვაწედ! აი, რატომ არ უარყოფდა მაინცდამაინც ვაშაძე ამ ბრალდებებს, თუმცა მისნაირ არამდგრადი ფსიქიკის მქონე ტიპებს КГБ-ში არ ღებულობდნენ, ის, უბრალოდ, სამედიცინო კომისიას ვერ გაივლიდა, და კიდევ იმიტომ, რომ ვაშაძეს საბჭოთა არმიაში არ უმსახურია.

     აი, რატომ მიიწვია პატრიარქმა ზურაბიშვილი მეორე ტურის მერე: „ქალბატონო სალომე, თქვენ უკვე პრეზიდენტი ბრძანდებით, ამიტომ გთხოვთ, წარსულში დატოვოთ ოპონენტთან ბრძოლის მეთოდები, რომლებსაც საარჩევნო კამპანიის დროს იყენებდით. შერიგების დრო დადგა...“, - დაახლოებით ეს უთხრა მას ილია მეორემ. აი, რატომ გააკეთა ზურაბიშვილმა იმავე დღეს განცხადება, რომ თავს მთლიანად მიუძღვნის გახლეჩილი ქართველი საზოგადოების გაერთიანებას და ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობის მიღწევას!

     ხოლო ვაშაძის მორჯულება, რომლის ზურგს უკან სააკაშვილია და რომელმაც თავს უფლება მისცა, პატრიარქის სიტყვები გაეყალბებინა, ილია მეორემ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის შუამავლობით გადაწყვიტა: „არჩევნების პერიოდი ჩვენში, ცოტა არ იყოს, რთულია, რადგან ემოციური ხალხი ვართ. წაგებულმა მხარემ აქამდე არ აღიარა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება...“, - შესჩივლა ილია მეორემ როს უილსონს საპატრიარქოში ზემოთ ხსენებული აუდიენციის დროს. თუმცა საქართველოში მიმდინარე პროცესები უფრო „ემოციურობაზე“ კი არა, ქართველი პოლიტიკოსების და მათი ძუძუმწოვარი პოლიტოლოგების არაადეკვატურობაზე მეტყველებს, რომლებსაც 2008 წელს ტყუილად როდი ვუწოდე პროქტო-პოლიტოლოგები, ხოლო ზურაბიშვილმა 10 წლის შემდეგ - ანალისტები!

     შესაძლოა, ვინმე შემედავოს - აშშ-შიც კი უკვე ორი წელია, ბევრი არ სცნობს დონალდ ტრამპს, მასაც კრემლთან საიდუმლო თანამშრომლობაში სდებენ ბრალს და ამბობენ, რომ ФСБ-ს წყალობით გაიმარჯვა! დიახ, „პრორუსულობის“ სტიგმა გამოცდილი ხერხია და აშშ-ში ამ კამპანიას მიზანი აქვს - ჰილარი კლინტონის მომხრე ფინანსისტების მძლავრი კლანი, რომელსაც ტრამპმა ხმების მინიმალური უპირატესობით მოუგო, იმედს არ კარგავს, რომ კლინტონს 2020 წელს მაინც გააპრეზიდენტებს, ამიტომ ტრამპის კრემლთან „საიდუმლო კავშირების“ საპროკურორო გამოძიება, ალბათ, კიდევ ორ წელს გასტანს! მაგრამ ვის ინტერესებშია საქართველოში მსგავსი კამპანიის გაგრძელება და არჩევნების შედეგების არაღიარება? რა აზრი ჰქონდა რუსეთისათვის ზურაბიშვილის მხარდაჭერას, რომელიც რუსეთს ოკუპანტს, არაპროგნოზირებად მოწინააღმდეგეს და მტერს უწოდებს, რომელთან თანამშრომლობას აზრი არა აქვს?!

     საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობასთან კავშირი არა აქვს არც აშშ-ს, რომელსაც საქართველოში ახალი „ვარდების რევოლუციის“ მოწყობა რომ მოენდომებინა, ამას გააკეთებდა კიდეც, მაგრამ სხვა მეთოდებით - თბილისში შვიდ ბანდიტს კი არ შემოგზავნიდა უკრაინიდან! დღეს აშშ დაკავებულია სანქციებით რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც რაკეტებთან დაკავშირებით ულტიმატუმი გამოუცხადა, აგრეთვე ევროპით, რომელიც ბოლო დროს გადამეტებულ დამოუკიდებლობას იჩენს და ქერჩის სრუტეში ინციდენტის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებაზე უარი განაცხადა. ამ მიზნით აშშ-მა საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ ბუნტი მოაწყო, რათა დაესაჯა ჰილარი კლინტონის ფინანსისტთა ჯგუფის მიერ დაყენებული პრეზიდენტი მაკრონი, რომელმაც კანცლერ მერკელთან ერთად ნატოზე უარის თქმა და საკუთარი, ევროპული არმიის შექმნა ჩაიფიქრა. ამიტომ პრეზიდენტ ტრამპს დღეს საქართველოსთვის და უკრაინისთვის არ სცხელა, მან უკვე კარგად იცის - სად მთავრდება მისი შესაძლებლობების ლიმიტი და არ სურს, კვლავ გადააჭარბოს მას, რათა შემდეგ უკან დახევა არ მოუხდეს, როგორც ჩრდილოეთ კორეასთან და ჩინეთთან.

     ამგვარად, საქართველოში დესტაბილიზაცია დღეს არც რუსეთს აძლევს ხელს, არც აშშ-ს, ეს მხოლოდ სააკაშვილს უნდა, რომ, როგორც 2008 წლის აგვისტოში, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩაითრიოს. რუსეთი კი, თავის მხრივ, იძულებული იქნება, უკვე ორ ფრონტზე იომოს - უკრაინასა და საქართველოში! (ზუსტად ასეთივე მიზნით - რომ აშშ-სთვის რუსეთთან სამხედრო შეჯახება ეიძულებინა - სააკიანმა პოროშენკოს ქერჩის სრუტეში პროვოკაციისკენ უბიძგა, მაგრამ ტიმოშენკო-გრიგიანის და ავაკოვ-ავაკიანის ხელით, რომლებიც დამდეგ 2019 წელს უკრაინაში ძალაუფლების ხელში აღებას გეგმავენ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების გზით). ამიტომ სააკაშვილმა, რომელმაც 2013 წელს კიევის მაიდანზე ქართველი სნაიპერები ჩაიყვანა, რომ უკრაინელებისთვის ესროლათ, დღეს უკრაინელი სნაიპერები თბილისში ჩამოიყვანა, რომ რუსთაველის გამზირზე ქართველებს ესროლონ, რაც არა მარტო სახელმწიფო გადატრიალამდე, სამოქალაქო ომამდეც მიგვიყვანდა!

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 7 დეკემბერი
საქართველო, თბილისი