პოლიტიკა
იზორია საქართველოში აშშ-ის საბრძოლო მომზადების ცენტრით ამაყობს - თავდაცვის მინისტრმა საქმიანობის ანგარიში წარადგინა

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. წელს დავიწყეთ ყველაზე ამბიციური პროგრამა, ეს არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში აშენდა უპრეცედენტო საბრძოლო მომზადების ცენტრი, სადაც ქართველი სამხედროები სხვა ქვეყნის სამხედროებთან ერთად საბრძოლო მომზადებას გადიან.

როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, წელს ახალი სარეზერვო სისტემა ამოქმედდა.

მისი თქმით, სამი კვირის წინ დასავლეთ საქართველოში ახალი სამხედრო ჰოსპიტალი გაიხსნა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა უფრო ეფექტიანი იქნება.

ლევან იზორიას განცხადებით, მომავალ წელს ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება საქართველოში გაიმართება. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეების სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზე ილაპარაკა.

წელს სამხედროების სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესება დავიწყეთ, რომელიც შეეხო 2 500 სამხედრო მოსამსახურეს. ეს პროცესი გაგრძელდება 2020 წლამდე და შეეხება 10 000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს. ასევე, მინდა აღვნიშნო ნატოსთან თანამშრომლობის უპრეცედენტო დინამიკა. მომავალ წელს ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება საქართველოში გაიმართება. ჩვენ ამ დინამიკას გაორმაგებული ძალისხმევით გავაგრძელებთ, რათა ის ამბიციური გეგმები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადობის გაზრდას, მიღწეული იყოს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.