საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ბოლო 10 დღეში დონ მარგველი ისევ კრიმინალურ სკანდალში გაეხვა! - საქინფორმი

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. 10 დღის შემდეგ საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება და გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეს დატოვებს. რით დაამახსოვრდება ის ქართველ ხალხს? იმით, რომ მისი ოჯახის წევრები გამუდმებით კრიმინალურ სკანდალებში ეხვეოდნენ და პოლიცია მათ ნარკოტიკებისა თუ იარაღის ტარებისთვის აკავებდა, რის გამოც მას დონ მარგველი შეარქვეს. აგრეთვე იმით, რომ დამნაშავეებს იწყალებდა, მათ შორის - პედოფილებსა და ნარკომანებს, და ისინი ახალ დანაშაულებს სჩადიოდნენ.

მაშ ასე,

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი პირია დაკავებული, მათ შორის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სპეცოპერაცია ამაშუკელის ქუჩაზე გოგოჭურის მიერ ნაქირავებ ბინაში ჩატარდა.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, გოგოჭურთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, გვარად რაზმაძე. გოგოჭურსა და მის თანმხლებ პირს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ, რომელიც საცხოვრებელი ბინის აივნიდან ხევში გადაყარეს. მოგვიანებით იარაღი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არიან დაკავებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 376-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

გოგოჭური პირველად არ მოხვედრილა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ივლისში იგი თავდასხმისას ფეხის არეში დაჭრეს და საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

მანამდე, 2017 წლის იანვარში კი ის და მისი მეგობარი ბალანჩივაძის ქუჩაზე სროლისას დაჭრეს.

მინდია გოგოჭური პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შვილის მაშო ჩიჩუას მეუღლეა.