აქტუალური
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლის მესამე კვარტალში 322,6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის მესამე კვარტალში 322,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მესამე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 48,2 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატში შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას ასახელებენ. ასევე რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლასა და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას.

ამ პერიოდისთვის საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ნიდერლანდებიდან შემოვიდა – 49,7 მილიონი აშშ დოლარი, მეორე ადგილზეა კორეა – 40,2 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 33,1 მილიონი აშშ დოლარი.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელ მრეწველობაში განხორციელდა – 56,5 მილიონი აშშ დოლარი, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17,5 პროცენტია. მეორე ადგილზეა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი – 54,5 მილიონი შშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ენერგეტიკის სექტორი – 46,3 მილიონი აშშ დოლარით.