პუბლიკაციები
ანტიინაუგურაცია: 16 დეკემბერს სააკაშვილი თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში პროვოკაციას ამზადებს!- “საქინფორმის” საგანგებო განცხადება

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. საქინფორმის წყაროს - პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ინფორმაციით, რომელსაც პირდაპირი კონტაქტი აქვს მის ლიდერ მიხეილ სააკაშვილთან, 16 დეკემბერს, საქართველოს ახალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, სააკაშვილის ყველაზე მხურვალე მიმდევართა დიდი ჯგუფი - ენმ-ს ათასზე მეტი წევრი - თბილისში ანტიინაუგურაციის ჩატარებას შეეცდება.

     სააკაშვილის გეგმით, შეკრება თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის შენობასთან არის დანიშნული, რის შემდეგაც ისინი საკონცერტო დარბაზის გაღებას მოითხოვენ, უარის შემთხვევაში კი იქ ძალით შეიჭრებიან და საქართველოს პრეზიდენტად გრიგოლ ვაშაძეს გამოაცხადებენ.

     პოლიციასთან მოპროტესტეთა დიდი რაოდენობის შეტაკება, სააკაშვილის გათვლით, მათ წაადგება კიდეც - ოფიციალური ინაუგურაცია თელავში ჩამწარებული იქნება „მომიტინგეთა სასტიკი დარბევით“, რაზეც მსოფლიო მედია და საქართველოში აკრედიტებული ყველა საელჩო ალაპარაკდება! წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილმა პირდაპირი მითითება გასცა - პოლიციასთან ფიზიკურ დაპირისპირებაზე წასვლას არ შეუშინდნენ. აქაოდა, „დაე, ვიღაცას ცხვირი გაუტეხონ, დიდი ამბავი, ეს ჩვენი უკანასკნელი შანსია! მერე, მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილი ოფიციალურად გახდება პრეზიდენტი, უკვე გვიან იქნება! დაე, დააპატიმრონ კიდეც, მაგრამ სამაგიეროდ, როცა ხელისუფლებაში მოვალთ, დაზარალებულები კარგ თანამდებობებს მიიღებენ! - თქვა სააკაშვილმა ტელეფონით, - აბა, როგორ უნდათ?! ვისაც კარგი ცხოვრება სურს, ამისთვის ჯერ ცოტა უნდა დაზარალდეს კიდეც! პოლიტიკოსი რომ გახდე, ციხეც უნდა ხეხო, სწორედ ასე გადაეცით ჩემგან ხალხს!“.

     საქინფორმის ინფორმაციით, თავად „ნაცმოძრაობაშიც“ ბევრმა უარი თქვა ამ პროვოკაციაში მონაწილეობაზე, კოალიციის „ძალა ერთობაშია“ სხვა წევრებზე რომ არაფერი ვთქვათ. „ნაცმოძრაობის“ შემდეგ რაოდენობით მეორე ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპულმა საქართველომ“ თელავში „ნაცმოძრაობის“ მიტინგში მონაწილეობაზე გადაჭრით უარი თქვა, ხოლო ბევრი მისი ლიდერი ზეგ სოფელ ჭორვილაშიც კი აპირებს გამგზავრებას - ბიძინა ივანიშვილის დედის დაკრძალვაზე. თანაც თავად ამ მიტინგმა თელავში, ინაუგურაციასთან ერთდროულად, სააკაშვილის გათვლით, ძირითადი გეგმიდან - თბილისში ანტიინაუგურაციიდან სამართალდამცველი ორგანოების ყურადღება უნდა გადაიტანოს.

     საქინფორმი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია ხელს არანაირად აძლევს აშშ-ს, რადგან, არასაჭირო დესტაბილიზაციის გარდა, ეს მათი მესიჯების იგნორირების ღია დემონსტრაცია იქნება, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის მეშვეობით გადასცეს, შემდეგ - სალომე ზურაბიშვილთან სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბრის დროს, და ბოლოს - კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის მეშვეობით, რომლის ვიზიტი თბილისში გუშინ დასრულდა. „დიახ, არჩევნებმა მხარეთა უკიდურესი პოლარიზაცია გამოაჩინა, იყო დარღვევებიც, მაგრამ ისინი შედეგებზე გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენდა, ამიტომ შედეგების ლეგიტიმურობა არ განიხილება. ახლა მხარეთა შერიგების და საქართველოს საკეთილდღეოდ - ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის დრო დადგა!“, - აი, მთავარი, რაც ხელისუფლებას და ოპოზიციას ამერიკელმა პარტნიორებმა დაუბარეს.

     საქინფორმი ვარაუდობს, რომ სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივი ძირგამომთხრელი გეგმის შესახებ კოდური სახელწოდებით „ანტიინაუგურაცია“ ცნობილია საქართველოს შსს-სთვისაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვისაც და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთვისაც, ამიტომ ის მარცხისთვის არის განწირული.