პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას სამ ლოკაციაზე აზრი ექნებოდა, ეს სამი ლოკაცია თბილისი, სოხუმი და ცხინვალი რომ იყოს!

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქინფორმის რედაქცია პასუხობს შეკითხვებს, რომლებსაც მკითხველები გასულ კვირას ყველაზე ხშირად სვამდნენ.

- საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია ერთ ლოკაციაზე უნდა ჩატარდეს თუ სამზე და მართებულია თუ არა, რომ ამჯერად ის არ ჩატარდა საქართველოს პარლამენტის შიდა ეზოში და პარლამენტის შენობის წინ დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე? - პოლემიკა ამ საკითხზე გრძელდება პოლიტიკურ წრეებში, და საზოგადოებრივი აზრიც არ არის ერთმნიშვნელოვანი, მით უფრო, რომ ეს, როგორც ამბობენ, დაახლოებით მილიონი ლარი დაჯდა...

შეკითხვას საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი უპასუხებს: “საქართველოში ძალიან უყვართ შოუების მოწყობა და კიდევ უფრო მეტად - მათი გარჩევა. სინამდვილეში ეს მეორეხარისხოვანი საკითხიც კი არ არის. თავად განსაჯეთ:

•  პირველი - სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტია „ქართული ოცნების“ წყალობით, თუმცა, ინაუგურაციამდე მოასწრო განეცხადებინა, რომ არავის წინაშე თავს ვალდებულად არ გრძნობს (მაშინვე ჩნდება დეჟავიუ - მისმა წინამორბედმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც, რომელიც თავისი არჩევით ასევე მთლიანად ბიძინა ივანიშვილისაგან იყო დავალებული, 2013 წელს რაღაც მსგავსი განაცხადა, ოღონდ ინაუგურაციის შემდეგ);

•  მეორე - საქართველოში კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით მაქსიმალურად შეზღუდული ფუნქციების მქონე პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოფიტვა მოხდა, რომელთა გადანაწილება უმტკივნეულოდ შეიძლება მთავრობასა და პარლამენტს შორის, ამიტომ პრეზიდენტი სააკაშვილის პროტეჟე - სასაცილო გრიშა ვაშაძეც რომ გამხდარიყო, საშინელი არაფერი მოხდებოდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, არავითარი განსხვავება არ არის, ინაუგურაცია ერთ ლოკაციაზე ჩატარდებოდა თუ სამზე, თუკი, ცხადია, ეს სამი ლოკაცია თბილისი, სოხუმი და ცხინვალი არ არის...