პუბლიკაციები
შალვა ხაჭაპურიძე: ,,სააკაშვილი მოღალატეა და – ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც მასთან მოსალაპარაკებლად სხდებიან

shalva_xachapuridzeქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის კურსზე, ოპოზიციისა და ხელისუფლების ქმედებებზე საქინფორმს ადვოკატი და პარტიის – „გამარჯვებისთვის“ – ლიდერი შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრება.

– რას ფიქრობთ, ბატონო შალვა, პრეზიდენტის უკანასკნელ ინიციატივაზე, 30–ლარიან სასურსათო ვაუჩერებზე, მის საპარლამენტო გამოსვაზე, როგორ ფიქრობთ, რამდენად გულრწფელია ჩვენი პრეზიდენტი საჯარო გამოსვლების დროს?

– არა მარტო სააკაშვილის იმდღევანადელი გამოსვლა, არამედ დაწყებული „ვარდების რევოლუციის“ დღიდან დღემდე მისი ყველა გამოსვლა იყო ფარისევლური. არსებობს ასეთი პოლიტიკური ტერმინი „სკამის პოლიტიკოსები“ და ეს ადამიანი გახლავთ წმინდა წყლის სკამის პოლიტიკოსი, რომლისთვისაც საქართველოს მოსახლეობის ბედ–იღბალი არის მეათასეხარისხოვანი. მიხეილ სააკაშვილი ატარებს ქვეყანაში ისეთ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის წყალობითაც საქართველოს მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი ტოვებს საკუთარ სახლ–კარს და მიდის საზღვარგარეთ მოსამსახურედ და მომვლელად.

საშინელი მდგომარეობაა ქვეყანაში. დღეს თბილისის მერიაში მუშაობს დაახლოებით 300 ადამიანი და ეს 300 ადამიანი იღებს იმდენივე ხელფას, რასაც – 29 000 პენსიონერი. გუბერნატორის ხელფასი დახლოებით 7 000 დოლარია და ამ დროს მინიმალური ხელფასი ქვეყანაში არის 150 ლარი. ასეთი ბალანსი კატასტროფა და უნამუსობაა. ხელისუფლებაში მოვიდა ავანტიურისტების ჯგუფი, რომელმაც ისარგებლა წინა ხელისუფლების სისუსტით, დაეპატრონა ქვეყანას და ატარებს ქვეყნის დამღუპველ პოლიტიკას, ანიავებს ქვეყნის ეკონომიკას. იცით, ალბათ, რამხელა სახლს უშენებს სააკაშვილი მეუღლეს.

საკაშვილის პოლიტიკა არის, რაც შეიძლება მეტი ხალხი გააქციოს ქვეყნიდან და დარჩეს მხოლოდ ნაციონალების მომხრე ერთი მუჭა ბრბო.

უკანასკნელ პერიოდში მსოფლიო სერიოზული პოლიტიკური ცვლილებების წინაშეა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა იგივე მოვლენები განვითარდეს საქართველოში, რაც მოხდა ეგვიპტეში, ტუნისში, იემენში და სხვ.?

– ძალიან დიდი საპროტესტო ტალღა დაიწყო მსოფლიოში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ტალღა უკვე შემოვიდა კავკასიაშიც, კერძოდ – სომხეთში. სომხეთის ოპოზიციას, უკვე 6 თვეა, შეტანილი აქვს ჰააგის სასამართლოში სარჩელი, სადაც სომხეთის პრეზიდენტს ბრალად სდებს სახელმწიფო დანაშაულის ჩადენას. უახლოეს დღეებში დაგეგმილია სომხეთში აქციები და დარწმუნებული ვარ სომხეთის ოპოზიცია პრეზიდენტის გადაყენებას შეძლებს. საქართველოს რევოლუცია უკვე კარს მოადგა. არსებობს ხელისუფლების შეცვლის ორი გზა – ან სამართლიანი არჩვენების გზა, რომელიც ამ ხელისუფლების ხელში წარმოუდგენელია, და მეორე – თუ სახელმწიფო არ გაძლევს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობას, მაშინ ხალხმა თავად უნდა აიღოს ძალაულფება ხელში.

მე არ მესმის იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც რაღაც მოლაპარაკებებს ახორცილებენ ხელისუფლებასთან. ვთვლი, რომ სააკაშვილი არის მოღალატე და ის პარტიებიც, რომლებიც მიდიან და სხდებიან მასთან მოსალაპარაკებლად. სააკაშვილი ამ ქვეყნისთვის არ ზრუნავს და, როდესაც პრეზიდენტი ქვეყანაზე არ ზრუნავს, საზოგადოებამ უნდა გამოაცხადოს ეროვნული დაუმრჩილებლობა. მინდა გითხრათ, რომ ხალხი ამისთვის უკვე მზადაა. მათ სჭირდებათ ლიდერი, რომელიც არ შეეკვრება ხელისუფლებას, არ შეუშინდება, არ გაიყიდება და დამერწმუნეთ, ხალხი სააკაშვილს და მის დაჯგუფებას ჩამოაშორებს ხელისუფლებას. ეს არის აუცილებელი და გარდაუვალი პროცესი. დააკვირდით ამერიკის პრეზიდენტის – ბარაკ ობამას ბოლოდროინდელ განცხადებებს. სახლში ხომ ვერ შემოგვივარდება და გვეტყვის – გინდა თუ არა, გამოდითო. ამბობს, რომ ძალაუფლება უნდა აიღოს ხალხმა, რომ დემოკრატია არის უმთავრესი საკითხი, რომელიც სახელმწიფოს აღმშენებლობაში უნდა არსებობდეს.

ნაციონალებს უნდათ, სააკაშვილი ჩაანაცვლონ ბოკერიებით, მსგავსი პიროვნებებით, რათა  გააგრძელონ ის დამღუპველი პოლიტიკა, რასაც დღეს ატარებს სააკაშვილი. ეს არ უნდა დავუშვათ! უნდა მოვახდინოთ რევოლუცია, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლების სათავეში მოვლენ პატრიოტი და პატიოსანი ადამიანები.

ოპოზიციურ პარტიებზე რას იტყვთ, როგორ შეაფასებთ მათ, არის საქართველოში ის ძალა რომელიც მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდება?

– საერთოდ, ტირანის პირობებში ოპოზიციური პარტიები, როგორც წესი, არა თუ სუსტები არიან, არამედ ზოგან საერთოდ არ არსებობენ. სააკაშვილსაც შეეძლო და ადვილად მოახერხებდა, საქართველოში ოპოზიციურ პარტიებს რომ არ ეარსება, მაგრამ ბევრი ოპოზიციური პარტია სპეციალურადაა იმისათვის შექმნილი, რომ სააკაშვილმა თქვას, აი, მე ქვეყანაში დემოკრატია მაქვსო. პარტია, რომელიც დღეს ხალხს არ მოუწოდებს ეროვნული დაუმორჩილებლობისკენ, იმისათვის, რომ გაუშვან სააკაშვილის რეჟიმი, ვთვლი, რომ ის არის სახელისუფლო პარტია. პარტია, რომელიც, ასევე, მოუმზადებლად დაუპირებს ხალხს ქუჩაში გამოყვანას, ვთვლი, რომ ხელისუფლების თამაშს თამაშობს, ასეთი პარტიები კი ჩვენს ქვეყანაში ბევრია.

– საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, როგორ შეაფასებთ სააკაშვილის „ერთიანი კავკასიური სახლის“ შექმნის იდეას?

– ჩვენ გვინდა თუ არა, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი. თუ მეზობელთან ჩხუბი მოგივა, ნორმალური, დალაგებული ადამიანი ყველანაირად ეცდება, ეს ჩხუბი მეტად არ გააღვივოს და პირიქით, მეზობლებს შორის მომხდარი დავა რაღაცნაირად მოაწესრიგოს. მაგრამ სააკაშვილი ასე არ იქცევა.

ჩრდილოკავკასიელები დღეს რუსეთის ფედერაციის ნაწილია. მაშინ გამოვიდეს სააკაშვილი და აღიაროს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. ცოტა გაუგებარია, რუსეთის სახელმწიფოს ედავები და რუსეთის სახელმწიფოს მოქალაქეებს აძლევ თავისუფლად საქართველოში შემოსვლის უფლებას?! რუსეთის გაწევრებაზე „ერთიან კავკასიურ სახლში“ უარს ამბობ და მის ფედერაციაში შემავალ ქვეყნებს ეპატიჟები?! ანუ ციმბირელ რუსს არ აქვს საზღვრის გადაკვეთის უფლება, მაგრამ რუსეთის ფედერაციის წევრ ჩეჩენს კი?! ეს ჩემთვის არის აბსურდი.

ის მდგომარეობა, რაშიც ჩვენ ახლა ვართ, სწორედ სააკაშვილის სიგიჟეების ბრალია. ამის გაგრძელება ყოვლად დაუშვებელია, კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩეჩნებს ჯერჯერობით არ მოუხდია საქართველოსთვის ბოდიში, აფხაზეთში ქართველების მოჭრილი თავებით ფეხბურთი რომ ითამაშეს. ვერ გავიგე, სააკაშვილს რა მიზანი ამოძრავებს. რუსეთს რამეს დააკლებს თუ რა? რუსეთთან საქართველომ უნდა დაამყაროს ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობა, როგორ ურთიერთობასაც ამყარებენ პარტნიორები. მაგრამ ამისთვის ჯერ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს ნორმალურ, განვითარებულ სახელმწიფოდ და წარსდგეს მსოფლიოს წინაშე, როგორც სრულფასოვანი ქვეყანა. როდესაც სახელმწიფო არ ხარ, არც არავინ გექცევა ღირსეულად. სააკაშვილმა რაც დაიმსახურა, ის მიიღო 2008 წლის აგვისტოში. ყველას გახსოვთ, ალბათ, მისი განცხადებები, „ერთ საათში ცხინვალში ვიქნებით“, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთო. ეს ომი არის სააკაშვილის სინდისზე. ჩვენი ბრალი კი ის არის, რომ სააკაშვილს ეს ომი ვაპატიეთ.

მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, დაიწყონ მზადება იმ უზარმაზარი მოძრაობისთვის, რომელიც უნდა დამთავრდეს ჩვენი გამარჯვებით. ან უნდა გადავაყენოთ ეს ხელისუფლება, ან უნდა გადავბრუნდეთ და მოვკვდეთ. სხვა გზა არ არსებობს.