რელიგია
როგორც საქინფორმი ვარაუდობდა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინელი რასკოლნიკები არ აღიარა

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი.

ამა წლის 24 დეკემბერს ქართულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ გააკეთა პროგნოზი, რომ ა. წ. 27 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი არ აღიარებდა სქიზმატურ არაკანონიკურ ორგანიზაციას სახელწოდებით „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცდილებით დაბრძენებული მეთაური, ფაქიზი დიპლომატი ილია მეორე, რომელმაც ხანდაზმულობის მიუხედავად უჩვეულოდ გამჭრიახი გონება შეინარჩუნა, ყველანაირად ეცდება, ამა თუ იმ მხარის სასარგებლოდ წმინდა სინოდის ნებისმიერი კონკრეტული გადაწყვეტილება დაბლოკოს და ეს საკითხი განუსაზღვრელი დროით გადადოს, თან დააკვირდეს - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა საადგილმამულო მართლმადიდებელი ეკლესიები, თუმცა პირადად მისთვის მართლმადიდებლობის დამრღვევი უკრაინელი რასკოლნიკები ღრმად მიუღებელია“, - ნათქვამი იყო, კერძოდ, საქინფორმის 24 დეკემბრის პუბლიკაციაში.

საქინფორმის პროგნოზი გამართლდა - აი, კერძოდ, რა არის ნათქვამი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში, რომლის ტექსტი აბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძემ) წაიკითხა:

„მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. მან თქვა: მართლმადიდებელი ეკლესია არის ის ეკლესია, რომელიც დააფუძნა უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქვეყანა. ჩვენი წმინდანები, წმინდა ნიკოლოზი და წმინდა გიორგი გვეხმარებიან ჩვენი ეკლესიის დაცვაში.

მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რაც მოხდა უკრაინაში, კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოებს შორის. უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. არ არის ერთი აზრი, ერთსულოვნება.

რუსეთის ეკლესიამ შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება, გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი, რადგან  მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც იწვევს მწუხარებას ჩვენში.

ასევე უწმინდესმა ბრძანა, ეკლესიას ისტორიის მანძილზე ჰქონია მრავალი განსაცდელი და ღვთის მადლით დაუძლევია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ღვთის ძალით აღდგება ძმური ერთობა ეკლესიებს შორის.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარემ, წაიკითხა ყოვლად უწმინდესის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს პირველისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილები.

მსჯელობაში სიტყვით გამოვიდნენ მიტროპოლიტები: გრიგოლი, პეტრე, თეოდორე, ნიკოლოზი, იოანე, სპირიდონი, ანდრია, დავითი. ეპისკოპოსები – გიორგი, დოსითეოზი.

კრებამ მოისმინა და იმსჯელა შექმნილი სიტუაციის გამო და განაჩინა:

მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა გაგრძელდეს წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი მიმართავს, საქართველოს სამოციქულო სამწყსოს საქართველოსა და უცხოეთში არსებულ ჩვენს სამრევლოებს, რათა უფალს გულმხურვალედ შევავედროთ, ყოველთა მართლმადიდებელთა მშვიდობა და ერთობა“,- აღნიშნულია განჩინების ტექსტში.

რა ხდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე და მისი დასრულების შემდეგ, რა პროცესები მიმდინარეობს ქართულ ეკლესიაში და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი გაზაფხულზე - წაიკითხეთ მალე საქინფორმის მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში.