სამართალი
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელი დაჭრეს

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. თბილისში პატრულ-ინსპექტორი დაჭრეს. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, არ კონკრეტდება, რა ვითარებაში დაჭრეს პოლიციელი ზაზა კახნიაშვილი.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ შემთხვევა 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, თბილისის ზღვის მიმდებარედ მოხდა.

პატრულ-ინსპექტორი ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმის განმარტებით, პაციენტს კისრის არეში ნაფლეთი ჭრილობა აქვს მიყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი.

პაციენტი შემოყვანილია შვიდში, ქუჩიდან, არის ნაფლეთი ჭრილობა კისრის არეში, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო, - ამბობს ექიმი ტერეზა ოსაჩუკი.