რელიგია
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის“ ავტოკეფალიის აღიარების წინააღმდეგია

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრების გამოთქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დღეს, უბრალოდ, ნაადრევია. ამ საკითხზე თავიანთი მოსაზრება ჯერ იერარქიულად ჩვენ წინ მდგომმა სხვა ეკლესიებმა უნდა დააფიქსირონ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განუცხადა.

მისი განცხადებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესწავლას მოითხოვს.

მეუფის თქმით, საქართველოს ეკლესია, ზოგადად, მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს უფლებას, რომ ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია, რადგან ისტორიულად ცნობილია, რომ ამ მიწაზე მოციქულმა იქადაგა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, ვის მიერ და რა პირობით უნდა იყოს ეს ავტოკეფალია მინიჭებული. კერძოდ, ვინ უნდა იყოს უკრაინის ეკლესიის მეთაური და სხვა სასულიერო პირები.

მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ დღევანდელ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია იმ სასულიერო პირების კანონიკურობის დადგენა, რომლებიც დღეს უკრაინის ეკლესიაში მოიაზრებიან, რადგან ზოგიერთი მათგანი ანათემას იყო გადაცემული, რასაც ყველა მართლმადიდებელი ეკლესია იზიარებდა კონსტანტინოპოლის ჩათვლით. მისივე თქმით, ზოგ მათგანს მოციქულებრივი ხელდასხმა არ გააჩნია, ანუ თვითაღიარებული ეპისკოპოსია.

ასეთი მღვდელმთავარი კი საღმრთო ლიტურგიაზე ჩვენთან ერთად როგორ იმსახურებს? ჩვენ არ შეგვიძლია ვცნოთ მსგავსი სასულიერო პირები კანონიკური ხელდასხმის გარეშე“, – დასძინა მიტროპოლიტმა. მისივე თქმით, ასევე, გასათვალისწინებელია ტომოსამდე მოქმედი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 200 კანონიერი ეპისკოპოსის ბედი, რომელსაც ტომოსი კანონგარეშე აყენებს.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, წმინდა სინოდს ჯერ საფუძვლიანად არ შეუსწავლია უკრაინის ეკლესიისთვის მინიჭებული ტომოსი, ანუ განჩინება ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა. ამდენად, მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ კარგად უნდა შეისწავლონ ტომოსის ორიგინალი და არა ერთ-ერთი ნათარგმნი ვერსია და ამ საკითხში აჩქარება საჭირო არ არის. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ თავად კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში არ ჩქარობს ანალოგიური ტომოსის საბოლოო სახით ჩამოყალიბებას და დღემდე არ აქვს მოგვარებული მისი დიპტიხის საკითხი. კერძოდ, კონსტანტინოპოლის ეკლესიას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათვის 1500 წელი დასჭირდა.

უკრაინის ეკლესიამ რომ ცოტა მოიცადოს, ამაში განსაკუთრებული და საზიანო არაფერია. ჩვენ ავტოკეფალია 1917 წელს აღვიდგინეთ, რაც რუსეთის ეკლესიამ 1943 წელს აღიარა, ხოლო კონსტანტინპოლის საპატრიარქომ – 1990 წელს. აღიარების პროცესი ნელი და რთული პროცესია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მიტროპოლიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთის სახელმწიფოს ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და როგორც ქვეყნის მოქალაქეები, ქართველი ქრისტიანები, რა თქმა უნდა, ყველანაირად უკრაინას დაუჭერენ მხარს.

იმის თქმა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა, ზედაპირული განცხადებაა, რადგან აღიარება ძალიან რთული და გრძელი პროცესია, რომელიც ბევრი პუნქტისგან შედგება და მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსემ იგი უნდა შეისწავლოს. ამიტომ დღეს ჩვენ მიერ უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ აზრის დაფიქსირება ძალიან არაკორექტული იქნება სხვა ეკლესიების მიმართ, რომლებიც დიპტიხით ჩვენ წინ არიან. ასეთებია: ალექსანდრიის საპატრიარქო, რომელიც დიპტიხით მეორე ადგილზეა, ანტიოქია, იერუსალიმის და სხვა ეკლესიებიც, თუ გავითვალისწინებთ დიპტიხის კონსტანტინპოლის საპატრიარქოსეულ ვერსიას. სანამ ამ საპატრიარქოების აზრი ოფიციალურად არ იქნება გამოქვეყნებული, მანამდე ჩვენ ჩვენს პოზიციას, რომც გვქონდეს ჩამოყალიბებული, ვერ დავაფიქსირებთ. ეს უტაქტობა და არაკორექტულობა იქნება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მეუფე კიდევ ერთ შესაძლო საფრთხეზეც ლაპარაკობს. კერძოდ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ რაც უკრაინის ეკლესისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხზე გააკეთა, იმავე პრინციპით, არ არის გამორიცხული, აფხაზეთში იმოქმედოს.

წმინდა სინოდზე ჩვენ განვიხილეთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან მიღებული წერილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით. ოფიციალურ წერილში წერია ძალიან სახიფათო ფრაზა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს ექსკლუზიური უფლება, ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩაერიოს. პირადად ჩემთვის ეს მიუღებელია და ბევრი სირთულის გამომწვევი შეიძლება გახდეს მომავალში“, – დასძინა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინპოლის პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. ტომოსის მინიჭების გადაწყვეტილება მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 11 ოქტომბერს მიიღო.