სამართალი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი უნდა იყოს ღია და ყველასათვის სანდო - თეა წულუკიანი

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. ვფიქრობ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია იყო ნაჩქარევად და გაუგებარი პროცედურებით შედგენილი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მოსამართლების კანდიდატებზე შეკითხვები გაჩნდა არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ დეპუტატებსა და მთავრობის წევრებში.

კარგია, რომ ამ სიას პარლამენტი არ უყრის კენჭს და კარგია, რომ პროცესი გადავიდა სწორ ტალღაზე. ამ საკითხზე მუშაობა ჩატარდება, კრიტერიუმების შესამუშავებლად შეიქმნება ჯგუფი, რომელშიც ჩემი წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. ვფიქრობ, ეს არის სწორი პროცესი, სახეზეა ამ პროცესის გაჯანსაღების ტენდენცია. იმედი მაქვს, რომ მივიღებთ ისეთ პროცესს, რომლისადმიც კითხვის ნიშნები აღარ იქნება, რადგანაც სასამართლო ხელისუფლებას ძალიან სჭირდება ახალი კადრები. უზენაეს სასამართლოში არის ძალიან ბევრი საქმე და ცოტა ადამიანური რესურსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. პროცესი უნდა იყოს ჯანსაღი ღია და ყველასათვის სანდო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ეკა ბესელიასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზეც.

ვფიქრობ, ეს არის ძლიერი გუნდი, ადრეც ვთქვი. ეს არ არის გუნდი, რომელიც გუშინ შეიქმნა. ჩვენ მოვდივართ ყველანი ერთად და მოვდივართ შორიდან, მოვდივართ ბრძოლიდან და აქედან გამომდინარე, არავითარი შიში არ მაქვს, რომ ეს გუნდი ან დაიშლება, ან ეს უთანხმოება იქამდე მივა, რომ ჩვენ ერთიანობა დავკარგოთ. ამის შიში არ მაქვს.

მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ქალბატონი ეკა და ვინც ბოლო დღეებში კომენტარებს აკეთებს, არამედ სხვა დეპუტატებიც, ვინც საერთოდ არ გამოჩენილა მედიაში, მე მათთან მაქვს ურთიერთობა, ისინიც ასევე იმ პოზიციაზე არიან, რომ ეს იყო ნაჩქარევი პროცესი, რომ ეს ნაჩქარევად არ უნდა გადაწყვეტილიყო. პროცესი გადასულია უკვე დადებით ტენდენციაში და გაჯანსაღების ნიშნები არსებობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

1tv