სამართალი
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს.

საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე სხდომაზე ფარული კენჭისყრითა და დამსწრეების ხმათა უმრავლესობით, ორი წლის ვადით აირჩიეს.

საბჭოს სხდომაზე ორი კანდიდატურა დასახელდა – ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა, რომელმაც 12 ხმა მიიღო.

საპროკურორო საბჭოს წევრთა განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ორი გარემოება – თავმჯდომარე ყოფილიყო გამსვლელი პროკურორი, ამასთან წევრები ამ გადაწყვეტილებით მიესალმებიან პროკურატურის საქმიანობაში ქალთა როლის გაძლიერებას.

მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შედეგად საქართველოს მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა და პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი ამოქმედდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია ახალი თავმჯდომარის არჩევამდე შეუნარჩუნდა. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, იგი კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა შერჩეულიყო. იუსტიციის მინისტრი კი საბჭოს წევრი აღარ იქნება. ამავე კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევა. საბჭოს ნებისმიერ წევრს შეუძლია, კენჭისყრაზე წარადგინოს როგორც საკუთარი, ასევე საბჭოს სხვა წევრის კანდიდატურა. ამასთან, რამდენიმე წევრს აქვს უფლება, თავმჯდომარის პოზიციაზე დაასახელოს საბჭოს რომელიმე წევრი.

15-წევრიანი საპროკურორო საბჭოს უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები შეადგენენ. საბჭოს წევრები არიან ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო - საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში მონაწილეობს.

საპროკურორო საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია: მთავარი პროკურორის კანდიდატურის დამტკიცება; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნა; საგანგებო (ad hoc) პროკურორის დასკვნის დამტკიცება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მთავარმა პროკურორმა დანაშაული ჩაიდინა და საქართველოს პარლამენტისთვის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ წარდგინებით მიმართვა; მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება; პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის ანგარიშის მოსმენა; მთავარი პროკურორისათვის რეკომენდაციების წარდგენა სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, აგრეთვე, პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.