პოლიტიკა
"თავხედური ქმედება" - მეუფე საბა ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის მიერ წმინდა სინოდისთვის გაგზავნილ წერილზე ლაპარაკობს

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. თავხედური ქმედება - ასე აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის მიერ წმინდა სინოდისთვის გაგზავნილ წერილს.

მეუფე საბამ ეს განცხადება ამბიონიდან გააკეთა. სასულიერო პირი პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს საეკლესიო წესებისა და კანონების დარღვევაში ადანაშაულებს. მეუფე საბამ „პატრიოტთა ალიანსის“ საპასუხოდ განცხადებების გაკეთებისკენ წმინდა სინოდის სხვა წევრებსაც მოუწოდა. თვითონ კი გეგმავს რომ ეს საკითხი სინოდზე განსახილველად დააყენოს.

მეუფეს გაღიზიანება დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის წერილს მოჰყვა, რომელიც მათ ილია მეორეს გაუგზავნეს. პარტიის ლიდერების მიერ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე დაწერილი წერილი რამდენიმე მღვდელმთავრის მწვავე კრიტიკით გრძელდებოდა. თარხან მოურავი და ინაშვილი წერდნენ, რომ ცალკეული მეუფეების განცხადებები აზიანებს და სახელს უტეხს ეკლესიას.

ეკლესია პოლიტიკური პარტია ჰგონია და გადაწყვეტილებები გამოაქვს, რომ თურმე მღვდელმთავრები განსაკვეთი არის და ეკლესიიდან გასაგდები, და თავიანთ წერილებს წერენ წმინდა სინოდის მიმართ, ვიტყვი კიდევაც, ეს არის ქალბატონი ირმა ინაშვილი და ბატონი თარხან მოურავი. ჯერ ერთი, ეს არის საეკლესიო წესის და კანონის დარღვევა, თავხედური ქმედება, მაგრამ მე მაქვს უფლება, რომ მოვითხოვო, წმინდა სინოდმა გასცეს პასუხი მათ თავხედობას და მათ ქმედებას, თითქოსდა მათ ეკლესია აწუხებთ და ადარდებთ, ისე, როგორც ბევრ პოლიტიკოსს, - განაცხადა მეუფე საბამ.