პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან უეს მიტჩელთან

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან უეს მიჩელთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები. კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ის მთავარი მოკავშირისა და პარტნიორის როლს. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის, აშშ-ის ასიგნებების აქტის შესაბამისად.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების თაობაზე. აშშ-ის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ინტენსიური კომუნიკაცია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უეს მიტჩელს საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე საკითხებზე აქტიური ჩართულობისა და გულშემატკივრობისთვის. დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან კევინ მოლთან.