პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სამი შეხვედრა გამართა - სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და დაზვერვის სამსახურის უფროსს შეხვდა

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერს კახ კალაძეს შეხვდა.

პირველ სამუშაო შეხვედრაზე კახი კალაძემ სალომე ზურაბიშვილს 2019 წელს დედაქალაქში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო. პრეზიდენტმა თბილისის მერს მათ განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს შეეხო.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.

სალომე ზურაბიშვილი, აგრეთვე, დაზვერვის სამსახურის უფროსს დავით სუჯაშვილს შეხვდა.

შეხვედრისას განვიხილეთ ჩვენი ქვეყნის საგარეო გამოწვევები, რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და, ასევე, საქართველოს დაზვერვის სამსახურში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.