პოლიტიკა
საქართველო და აშშ ახალ მემორანდუმსა და ხუთწლიან ჩარჩო შეთანხმებას გააფორმებენ, რათა „რუსეთის სამხედრო საფრთხე შეაკავონ“

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველო აშშ-სთან წელს ახალ მემორანდუმს გააფორმებს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიუნხენში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დელეგაციის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მემორანდუმიდან გამომდინარე, წელს იგეგმება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხუთწლიანი ჩარჩო შეთანხმების გაფორმება.

ჩვენი მთავარი სტრატეგიულ პარტნიორის აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი, რომელიც ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული კავშირის სიმტკიცეს, მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საქმეში და ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების თვალსაზრისით. ამ გზაზე და ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაფართოება და გაღრმავება იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი.

წელს ჩვენ ვიმუშავებთ ახალი მემორანდუმის გაფორმებაზე, რომელიც იქნება უფრო ყოვლისმომცველი, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების ასპექტში, ასევე ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

ახალ მემორანდუმში იქნება მნიშვნელოვანი აქცენტები, როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ახალი მიდგომებით, ახალი ტექნოლოგიების შეიარაღების შესყიდვით, რათა გავაძლიეროთ რუსული საფრთხის შეკავება. განსაკუთრებული აქცენტია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, რაც ასევე ერთობლივი სწავლებების ინტენსიფიკაციაში იქნება გამოხატული.

მემორანდუმიდან გამომდინარე, წელს იგეგმება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხუთწლიანი ჩარჩო შეთანხმების გაფორმება, სადაც კონკრეტულად გაიწერება პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა, იქნება ეს ლოჯისტიკის მიმართულება, კიბერუსაფრთხოება თუ სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, 5-წლიანი ჩარჩო შეთანხმება მოიცავს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კიდევ უფრო გაძლიერებას, თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას, ნატოში ინტეგრაციის გზაზე პროგრესის უზრუნველყოფას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, არის ის, რომ როტაციის პრინციპის საფუძველზე აშშ- უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე გადიოდეს სწავლებებს ჩვენი ბაზების გამოყენებით. არამარტო აშშ-ის სამხედროები, არამედ ნატოს წევრი ქვეყნების, პარტნიორების სამხედროები მოსამსახურეები. ეს, ჩვენი ღრმა რწმენით, არის მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოშიც იმ თვალსაზრისით, რომ მეტი წვლილი შევიტანოთ ყოვლისმომცველ უსაფრთხოების თანამშრომლობ სტრატეგიაში, რომელიც აშშ- თავდაცვის ავტორიზაციის აქტითაა გაჟღერებული”, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.