აქტუალური
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოინახულებს ქალაქებს კახს, ბალაქანსა და ზაქათალას, სადაც ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოინახულებს ქალაქებს კახს, ბალაქანსა და ზაქათალას, სადაც ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ.

პატარაძის თქმით, სახელმწიფოს მეთაურის პირველ რეგიონულ ვიზიტს აზერბაიჯანში „მნიშვნელოვანი დატვირთვა გააჩნია“. ბაქოში ზურაბიშვილი მართავს შეხვედრებს რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამადოვთან და პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან.

ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, ისევე, როგორც ეკონომიკური და სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები. საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, დაგეგმილია ახალი პროექტების განხორციელება და საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება. ყველა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე იმსჯელებს პრეზიდენტი აზერბაიჯანულ მხარესთან, - ციტირებს პატარაძეს პრეზიდენტის პრესსამსახური.

პატარაძის თქმით, პრეზიდენტის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაღრმავებას და გაძლიერებას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.

პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში დღეს, 28 თებერვალს დასრულდება.

დიპლომატიური ურთიერთობ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. ორივე ქვეყანა ევროპის საბჭოს, ეუთოს, სუამისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.