აქტუალური
ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს რეგიონი არის ცენტრალური, არის კორიდორი, რომლითაც შეიძლება გაიარო - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველომ და აზერბაიჯანმა აჩვენეს, რომ რეგიონი არის ცენტრალური, სტაბილური და სერიოზული ინვესტიციების განხორციელება შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრეს ყველა მიმართულებასა და დარგზე, რომლებიც ორ ქვეყანას აერთიანებს.

შემიძლია, პრაქტიკულად ყველა თქვენი სიტყვა გავიზიარო, იმდენად ახლოს არის ჩვენი მოსაზრებები“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას ილჰამ ალიევს.

მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ბევრი საერთო აქვთ და ისტორიაც აახლოებთ.

მართლაც ვისაუბრეთ ყველა დარგსა და მიმართულებაზე, რაც აერთიანებს ჩვენ ორ ქვეყანას. ჩვენ გაქვს გავლილი ერთად ისტორიული გზა, რომელმაც დაგვაახლოვა. გეოგრაფიულად ვართ ახლო მეზობლები და ისტორიამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ამ ბოლო საუკუნეების განმავლობაში გავიარეთ ერთად წარმატებები, ტრაგედიები. იცით, რას ნიშნავს, რას მოითხოვს სახელმწიფოს მშენებლობა. ერთად განვლილი განსაცდელიც გვაერთიანებს და ვიცით, რა ფასი აქვს, მაინც განაგრძო წინსვლა, სახელმწიფოს მშენებლობა, ეკონომიკის, კულტურისა და იდენტობის განვითარება. ამ ყველაფერში ვგრძნობთ ძალიან დიდ სიახლოვესა და მეგობრობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივ პროექტებზეც ილაპარაკა, რომელმაც მსოფლიოს რეგიონის მნიშვნელობა აჩვენა.

გასულ საუკუნესა და მიმდინარე საუკუნის დასწყისში ერთობლივად შევძელით, ძალიან მასშტაბური პროექტები გაგვეხორციელებინა და ეს არის ნიშანი, რითაც ჩვენ შევდივართ მსოფლიოში, ენერგეტიკაში. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეს რეგიონი არის ცენტრალური, არის კორიდორი, რომლითაც შეიძლება, გაიარო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის სტაბილური და სწორედ ამიტომ შეიძლება ამ რეგიონში სერიოზული ინვესტიციების განხორციელება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კორიდორი და ახალი პროექტები.

ახლა ჩვენი მთავარი გამოწვევაა, მოვძებნოთ ასევე გამაერთიანებელი, ასეთივე მასშტაბური პროექტი და ამის შესახებ ისაუბრეთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო. ეს სატრანსპორტო კორიდორი ძალიან მნიშვნელოვანია და ამან შეიძლება, მოგვცეს ღერძი ჩვენი თანამშრომლობის, რომელიც მხოლოდ ენერგეტიკას ეკუთვნოდა წინა პერიოდში. ალბათ, ეს დღევანდელი მსოფლიოს პოტენციალით ყველაზე სავსე მიმართულებაა. ტრანსპორტი არის მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა მხრივ და ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ აზიის, ჩინეთისა და ევროპის გაერთიანება. ჩვენ ვგავართ ამ გზაზე, რომელიც პრინციპში, ყველაზე მოკლეა, მაგრამ ჯერ ამ გზის ყველა საშუალება არ გვაქვს განვითარებული და ეს ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ კასპიის აღმოსავლეთში მდებარე ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმებების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ახსენა, რას აკეთებს თავის მხრივ კასპიის ზღვაზე აზერბაიჯანი და უნდა მივესალმო მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა განვითარდეს ყველანაირი ტრანსპორტი ამ ზღვაზე. ჩვენც ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის დახმარებით, ვმუშაობთ, რომ შავ ზღვას მიეცეს მთელი თავისი განშლა და შესაძლებლობები, რათა განვითარდეს ტრანსპორტი რუმინეთს, ბულგარეთსა და ქართულ პორტებს შორის, ასევე განვითარდეს საქართველოს ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა. ეს არის ახალი პროექტი, სატრანსპორტო ქსელი, რომელიც ევროკავშირის დახმარებითა და ინვესტიციებით განვითარდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, საერთო ინვესტიციებიც მოხვდეს ამ დარგში, რომ აზერბაიჯანთან ერთად ბოლომდე გამოვიყენოთ საშუალება, რაც ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით მოგვეცა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელი კოლეგა ბათუმში ზაფხულში დაგეგმილ კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოვიწვიე ბათუმის კონფერენციაზე, სადაც, ძალიან დიდი ალბათობით, ტრანსპორტის საკითხი ცენტრალური თემა იქნება და სადაც შეიძლება წარვადგინოთ ჩვენი ერთობლივი ხედვა ამასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, რომ შეიძლება, ერთობლივი დელეგაცია ეწვიოს ჩინეთს და იქ წარვადგინოთ ერთობლივი ხედვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ყველა აღნიშნული ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა არსებული პოტენციალი რეალობად და სერიოზულ პერსპექტივად იქცეს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ამის ყველა მონაცემი აქვთ.

ღრმად ვართ დარწმუნებული, ეს არამხოლოდ პერსპექტივა, არამედ ჩვენი ურთიერთობის ხვალინდელი დღეა. თუმცა, ურთიერთობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ვისაუბრეთ, რომ ადამიანური ურთიერთობები, კულტურა, განათლება ის დარგებია, რომელიც უნდა განვითარდეს. ჩვენი ურთიერთობები ამ კუთხით ეკონომიკურ ურთიერთობებში მიღწეული დონის შესატყვისი არ არის. ამიტომ ორივე ქვეყნის ძალისხმევაა საჭირო, რათა მივცეთ ჩვენს კულტურულ და ადამიანურ ურთიერთობებს განშლა, რაც გვსურს ორივე მხრიდან. ეს ჩვენს გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ბათუმის გარდა, აზერბაიჯანის დღეები თბილისშიც გაიმართება, ასევე საქართველოს დღეები აზერბაიჯანში და ამ ღონისძიებებს მუდმივი სახე მიეცემა. ამასთან, უნდა განვითარდეს ურთიერთობები კულტურის სფეროში.

ასევე, ვახსენე ჩვენი მოსაზრება, რომ საქართველოს ტოლერანტობა იყოს შეტანილი იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში. ამაზე უკვე გვქონდა საუბარი იუნესკოში, მაგრამ ეს არის საერთო ღირებულება კავკასიისა და შეიძლება, ამას მივცეთ ასევე კავკასიური ხასიათი, რაც მსოფლიოსთვის ჩვენი რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, რამეთუ ეს არის ღირებულება, რომელიც მსოფლიოს დღეს ესოდენ აკლია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტურიზმიც უნდა განვითარდეს.

სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

ვისურვებდი და მჯერა, რომ ეს არის ჩვენი ურთიერთობისა და მეგობრობის ახალი და კიდევ უფრო მჭიდრო ეტაპის საწყისი“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევს ერთობლივი განცხადებების დასრულებისას.