პოლიტიკა
საქართველოსთან ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და მოხარული ვართ, რომ ეს ურთიერთობები წარმატებით ვითარდება - ილჰამ ალიევი

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოსთან ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და მოხარული ვართ, რომ ეს ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა აზერბაიჯანში. კიდევ ერთხელ გილოცავთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და მოხარული ვარ, რომ არჩევნებიდან მოკლე დროში აზერბაიჯანში იმყოფებით. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. ჩვენც, აზერბაიჯანიც, საქართველოსთან ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და მოხარული ვართ, რომ წარმატებით ვითარდება ეს ურთიერთობები“, – მიმართა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, დღევანდელი ვიზიტი და მოლაპარაკებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებს კარგი მომავალი აქვს.

ჩვენი ხალხები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს გვერდში ედგნენ და ყოველთვის მეგობრულ, ძმურ ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. დღესაც ჩვენი მეგობრული და ძმური ურთიერთობები ჩვენი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამ ძლიერ ფუნდამენტზე დამყარებულ ურთიერთობებზე ვაგებთ ახალ ურთიერთობებს და ვთანამშრომლობთ ყველა სფეროში. ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა და რეგულარულად ტარდება მაღალი დონის შეხვედრები, კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ერთმანეთს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სოლიდარობას უცხადებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს.

რა თქმა უნდა თანამშრომლობის დიდი ნაწილი ენერგეტიკული სექტორს ეხება. ჩვენ ეს საკითხები განვიხილეთ. მინდა, ვთქვა, რომ ამ თანამშრომლობას დიდი ისტორია გააჩნია. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.