პოლიტიკა
ქართველი მაღალჩინოსნების მხრიდან ღიად არამეგობრული საჯარო გამოსვლები ნეგატიურ გავლენას ახდენს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა კმაყოფილებით დაადასტურეს 2018 წელს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში რუსეთ-საქართველოს ურთიერთქმედების პოზიტიური შედეგები.

აკუმულირებული პოზიტივის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე გრიგორი კარასინმა ყურადღება გაამახვილა, რომ ქართველი მაღალჩინოსნების მხრიდან ღიად არამეგობრული საჯარო გამოსვლები ნეგატიურ გავლენას ახდენს ორმხრივი ურთიერთქმედების ურთიერთსასარგებლო განვითარებაზე.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ შეხვედრაზე განხილული იყო რუსეთ-საქართველოს საბაჟო მონიტორინგის მექანიზმის შეთანხმების შესრულების პერსპექტივები. რუსულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, რომ შეთანხმების რეალიზება სწრაფად დაიწყოს პირობების მკაცრი შესრულებით.