პოლიტიკა
დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენული არჩევანია, ვისთან რა დოზით და როგორ ითანამშრომლებს - ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან პრაღაში შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზებთან არსებულ ნეგატიურ მოვლენებსაც, – ამის შესახებ პირველ არხს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა.

​რაც შეეხება მედიით გავრცელებულ გრიგორი კარასინის განცხადებას – ჩემი მესიჯი არის იგივემიუხედავად სირთულეებისა, უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე, მინდა, გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისთვის“, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ეს კომენტარი არ მოუსმენია.

მე არ მომისმენია მისი ეს კომენტარი, ჩვენს შეხვედრაზე ასეთი რედაქციით მას განცხადება არ გაუკეთებია. მან ისაუბრა საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობაზე დაახლოებით იმავე კონტექსტში, რაც ადრე გაუკეთებია თითქმის ყველა ჩვენს შეხვედრაზე, გამონაკლისის გარეშე. მათი მიდგომა ჩვენთვის ნათელია. ისინი უარყოფითად უყურებენ და აფასებენ ამას, მაგრამ ჩვენი პასუხი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ამ ფორმატში ჩვენ არ განვიხილავთ იმ თემებს, რომელიც ეხება ჩვენს ურთიერთობებს მესამე ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს ცალკე თემაა და ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენული არჩევანი, ვისთან რა დოზით და როგორ ითანამშრომლებს. ამით ვასრულებთ ხოლმე საუბარს. თუმცა მათი პოზიცია ჩვენთვის ცნობილია და შესაძლოა, ეს ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ ასეთი ფორმითა და ასეთი ტონალობით მას ეს კომენტარი ჩვენთან შეხვედრის მსვლელობისას არ გაუკეთებია“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძემ პირველ არხთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა კარასინთან შეხვედრის დასაწყისზე. მისი განმარტებით, პრაღაში შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა და ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე საუბარს დაეთმო, თუმცა მანამდე საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება განიხილეს.

ჩვენ უმთავრესად აქცენტირება გავაკეთეთ იმ სავალალო ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზერეგიონების მილიტარიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევები, უაღრესად ნეგატიური მოვლენები, რაც ბოლო ხანს მოხდა საოკუპაციო ხაზზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული, არ ავუარეთ გვერდი ამ თემებს და გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზზე სულ უფრო რთულდება ადამიანების გადაადგილება, ცხინვალის რეგიონთან კიდევ უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე აფხაზეთის მიმართულებით.

ფაქტობრივად, იზოლაციაშია მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობა. ამ თემებზე ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ჩემი რუსი კოლეგის რეაქცია, როგორც წესი, ასეთ კომენტარებსა და განცხადებებზე არის ის, რომ ამისათვის შექმნილია სპეციალურად ჟენევის ფორმატი და ამ თემის განხილვა იქ უნდა მოხდეს. ეს ასეა, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.