უცხოეთი
ვლადიმერ პუტინმა საშუალო და მცირე რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების შეჩერებას ხელი მოაწერა

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ საშუალო და მცირე რადიუსის მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების შეჩერებაზე განკარგულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

როგორც განკარგულების ტექსტშია აღნიშნული, შესაბამისი გადაწყვეტილება განპირობებულია აშშ-ის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევებთან დაკავშირებით გადაუდებელი ზომების მიღების აუცილებლობით.

1987 წელს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ხმელეთზე ბაზირებული 500-დან 5 500 კმ-მდე რადიუსზე მოქმედი რაკეტების განადგურებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს დონალდ ტრამპმა რუსეთის შეთანხმების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აშშ აღნიშნული შეთანხმების დატოვებას გეგმავს. როგორც იანვარში სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აღნიშნა, რუსეთი თავხედურად და უსირცხვილოდ არღვევს ბირთვული ძალების შეთანხმებას და არ ანადგურებს ფრთოსან რაკეტა „ისკანდერს“.

მაშინ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთს შეთანხმების შესასრულებლად ექვსთვიანი ვადა მისცა.

1tv.ge