აქტუალური
"არ იქნება იმგვარი გადინება, რომ საფრთხე შეუქმნას მყარ უმრავლესობას" - "ქართულ ოცნებაში" საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლას არ გამორიცხავენ

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ მათ რიგებს დეპუტატები კიდევ გამოაკლდნენ. თუმცა მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს პრობლემას არ შექმნის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ისინი პატივს სცემენ საკუთარი გუნდის წევრების გადაწყვეტილებას.

"გუნდში არის რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი და ეს განსხვავებული აზრი ხშირად ფორმირდება ხოლმე ისე, რომ ისინი აკეთებენ განცხადებას გუნდიდან წასვლის შესახებ. რამდენიმე ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, არის გუნდში, თუმცა ჩვენ ისიც ვთქვით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენი მიზანი არ არის. მათ გადაწყვეტილებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენას არ ვცდილობთ. არ იქნება იმგვარი გადინება, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამან ოდნავ მაინც შეუქმნას საფრთხე მყარ უმრავლესობას", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობა სოციალ-დემოკრატების ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა დატოვეს. ისინი პატრიოტთა ალიანსთან ერთად გააგრძელებენ საპარლამენტო საქმიანობას.

პარტია “ქართული ოცნება” და ფრაქცია რამდენიმე დღის წინ დატოვა ზვიად კვაჭანტირაძემაც. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხის გამო მმართველ პარტიას და უმრავლესობას გამოაკლდნენ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილიც. იმ მოტივით, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მის ინიციატივას თანაგუნდელებმა მხარი არ დაუჭირეს, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა ბექა ნაცვლიშვილმა.