აქტუალური
თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი, სერიოზული დავა იქნება - მამუკა ხაზარაძე იმუქრება

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი, ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ანაკლიის პროექტიდან მისი წასვლის შემთხვევაში შეფერხდება თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა, მამუკა ხაზარაძე პასუხობს:

რა თქმა უნდა. პირდაპირ გეუბნებით: ისე არ მოხდება, რომ ჩვენ ოფისიდან გავალთ და ვიღაც ჩაგვანაცვლებს. ერთი მხრივ, ამელა სახელმწიფო მანქანა გვიტევს, მეორე მხრივ კი გვეუბნებიან, ბანკებთან რატომ არ ხურავთ დროზე მოლაპარაკებებსო. ბანკებს კი თავისი მოთხოვნები აქვთ სახელმწიფოსთან. არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. სამშენებლო გრაფიკისთვის ერთი დღითაც არ გადაგვიცდენია, როცა დავინახე, რომ ბანკებთან მოლაპარაკება არა ჩვენ გამო, არამედ მათივე მოთხოვნების გამო გადაიწია, ავიღეთ და 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვახდინეთ, რომ არ ჩამოვრჩენოდით მშენებლობის გრაფიკს. ღმერთმა დაიფაროს და ხვალ რომ არ გამოვიდეს რაღაცის გამო მოლაპარაკება, ან გაჭიანურდეს, ჩვენთვის ეს ხომ რისკია?! და ამ დროს სახელმწიფო გამოდის და გვეუბნება, შენ ვერ შეასრულე რაღაც, წადი სახლში და აწი მე გავაგრძელებო. სწორია, რომ ჩვენი მთელი ენერგია ინტერვიუებსა და ინვესტორების დაწყნარებაზე მიდის? ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ საქმე სწრაფად გამოიძიონ. რვა თვე რით ვერ გაარკვიეს, ფულის გათეთრება იყო თუ არა. როცა ერთ დღეშიგაარკვიეს, მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა“, - აცხადებს ხაზარაძე.

ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრას იხსენებს, რომელსაც, მისი თქმით, ასევე ესწრებოდნენ გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი და მაია ცქიტიშვილი.

შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია და მადლობა გადაუხადა გიორგი კვირიკაშვილს, რომ მისი შეუპოვრობითა და ძალისხმევით პროექტი აქამდე მოვიდა. მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ხელს არავინ შეუშლიდა“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.