აქტუალური
საქართველო იქნება რეგიონში როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით ლიდერი - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. მედიაციის ინსტიტუტის შემოღებით სასამართლოები გათავისუფლდებიან მცირე დავებისაგან და ეს აისახება იმაზე, რომ საქართველოში დავები მაქსიმალურად მოკლე დროში გადაიჭრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იუსტიციის სამინისტრომ მედიაციის ინსტიტუტის შემოღების საკითხი წარადგინა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო იქნება რეგიონში როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით ლიდერი და რეგიონული ცენტრი.

მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა სასამართლოსთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემად პროცესის ხანგრძლივობას მიიჩნევს, რასაც სასამართლოების გადატვირთულობაც განაპირობებს. რა თქმა უნდა, მედიაციის შემოღებით სასამართლოები გათავისუფლდებიან მცირე დავებისაგან და, შესაბამისად, ეს ზოგადად აისახება, რომ საქართველოში დავების გადაჭრა მოხდება მაქსიმალურად მოკლე დროში. ამასთან ერთად, პირადად ჩემთვის აქვს კიდევ უფრო მეტი დატვირთვა. მოგეხსენებათ, რომ შარშან ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთაშორისო არბიტრაჟთან მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თბილისი გახდეს რეგიონული ცენტრი არბიტრაჟის თვალსაზრისით. დღევანდელი ინიციატივით, არბიტრაჟს დაემატება მედიაცია. დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში სწორედ საქართველო იქნება როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით ლიდერი და, შესაბამისად, რეგიონალური ცენტრი, რომელიც ამავე დროს არის წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო იყოს რეგიონში ეკონომიკური ცენტრი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.