პუბლიკაციები
რატომ არის ამერიკული ინვესტიციები საქართველოში მხოლოდ შეიარაღების, სამხედრო მომზადებისა და ანტირუსული პროპაგანდისთვის განკუთვნილი? - საქინფორმი

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იმ პროგრამების დაფინანსების გაზრდას აპირებს, რომლებიც საქართველოს დახმარებასაც ითვალისწინებს, საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის პროექტში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კონგრესისთვის წარდგენილი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით 100 მილიონი დოლარია გამოყოფილი საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამისთვის“ (IMET). აღნიშნული თანხიდან 26,4 მილიონი დოლარი ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებზე უნდა დაიხარჯოს, მათ შორის საქართველოზე, რომელიც დოკუმენტში „აშშ-ის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად“ არის მოხსენიებული.

საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამაგააძლიერებს როგორც რეგიონულ უსაფრთხოებას, ასევე გააუმჯობესებს აშშ-ის, ნატოსა და ევროპის შეიარაღებული ძალების თავსებადობას, პროგრამის მონაწილე ქვეყნებს დაეხმარება რუსეთის აგრესიის დაძლევაში. პროგრამა უზრუნველყოფს, რომ აშშ-სთან მომუშავე ქვეყნებში იქნებიან სამხედროები, რომელთაც აშშ-ის სამხედრო დოქტრინა და ოპერაციული ტაქტიკა ესმით და აფასებენ. ამ დახმარების პრიორიტეტული მიმღები არიან აშშ-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორები, როგორიცაა ბულგარეთი, საქართველო, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ბიუჯეტის პროექტით, 75 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული ევროპასა და ევრაზიაში საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამისთვის“ (FMF). აღნიშნული თანხის ნაწილი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დახმარებაზე უნდა დაიხარჯოს.

ევროპასა და ევრაზიაში სტრატეგიული უსაფრთხოების პრიორიტეტები რუსეთის აგრესიისა და ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, რაც მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერას, მათი სუვერენიტეტის განმტკიცებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ეს კი ნატოსა და სხვა დასავლურ შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობის გაზრდას და თავდაცვის სფეროში მდგრადი რეფორმების გატარებას გულისხმობს. ამ პროგრამიდან თანხა დაიხარჯება აღჭურვილობასა და წვრთნებზე, მათ შორის ტაქტიკურ აღჭურვილობაზე, რაც განკუთვნილია თვალთვალისა და დაზვერვისთვის, მეთაურობისა და კონტროლისთვის, ასევე სამიზნეების განსაზღვრისთვის საჭირო აღჭურვილობაზე. დახმარების პრიორიტეტული მიმღები არიან რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები: უკრაინა, საქართველო, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პროექტში.

აშშ-ის მთავრობის მიერ შედგენილ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში რუსეთის მავნე ზეგავლენის დასაძლევად“, ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე მდებარე ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ასევე გამოყოფილია 308 მილიონი დოლარი. როგორც დოკუმენტშია ნათქვამია, ეს აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

საგარეო დახმარების პროგრამები გაზრდის მედია განათლებას და დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ ინფორმაციასთან წვდომას, განამტკიცებს კიბერუსაფრთხოებას, გააძლიერებს ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკის მდგრადობას, რაც ენერგეტიკის დივერსიფიკაციისა და დასავლურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესების გზით მიიღწევა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სხვადასხვა პროგრამის დაფინანსების გზით, „რუსეთის მავნე ზეგავლენის დასაძლევად“ 661 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა იგეგმება.

მაშ ასე, ერთობლიობაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამით საქართველო რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს მიიღებს (ზუსტ თანხას არავინ დაასახელებს, რადგან ეს სრულიად საიდუმლო მონაცემებია). საკითხავი სხვა რამეა: ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამა შეიცავს შეიარაღების, სამხედრო მომზადებისა და ანტირუსული პროპაგანდის დაფინანსების მუხლებს - ანუ „რუსული სამხედრო და იდეოლოგიური საფრთხისაგან უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ დაფინანსებას. მაგრამ განა რამდენიმე ათეული და თუნდაც ასეულობით მილიონი დოლარი ამერიკული დახმარება ანდა საქართველოში მოვლინებული ამერიკელი სამხედროები შეძლებენ, საქართველო რუსეთის ტოლფას სამხედრო ოპონენტად აქციონ?

კიდევ უფრო იდუმალია იმ თანხების მიზნობრივი ხარჯვა, რომლებსაც აშშ საქართველოში „რუსეთის მავნე ზეგავლენის დასაძლევად“ გადმორიცხავს. საქინფორმს არ ძალუძს პროგნოზის გაკეთება - შეძლებს თუ არა რუსეთი 2020 წელს პროპაგანდის ისევე ეფექტიანად წარმოებას, როგორც ამას აშშ აკეთებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში? თუ დღევანდელი სურათით ვიმსჯელებთ, როდესაც საქართველოში რუსული მედიასაშუალებები თითქმის არ არიან წარმოდგენილი, ხოლო არსებულები მხოლოდ ტურიზმს, ქართულ სამზარეულოს და კულტურას უწევენ პროპაგანდას და შეგნებულად უვლიან გვერდს „მახვილ“ პოლიტიკურ „კუთხეებს“ - საეჭვოა...

და ყველაზე „საინტერესო“ საკითხი: რატომ ჰპირდებიან საქართველოს, რომელიც ამერიკის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში „აშშ-ის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად“ იხსენიება (შესაბამისად, აშშ-ც საქართველოსთვის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია) ფულს მხოლოდ სამხედრო საჭიროებისთვის და რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც ვაშინგტონს უფრო სჭირდება, ვიდრე თბილისს? სად არის გრანტები ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, განათლების, ინსტიტუციური რეფორმებისთვის?! განა „მთავარი სტრატეგიული პარტნიორები“ ასე იქცევიან?!

საქინფორმის რედაქცია