სამართალი
სუს-ი: ახალ ზელანდიაში ტერაქტის დროს გამოყენებულ იარაღზე ქართული წარწერების ფაქტზე ქართული მხარე სტრატეგიულ პარტნიორებთან უკვე თანამშრომლობს

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ახალ ზელანდიაში კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 50-მდე ადამიანი, ათეულობით კი დაიჭრა. ორივე თავდასხმასთან დაკავშირებით ოთხი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქეა. ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელის შაშხანის მჭიდის ფოტო, რომელზეც დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია.