პოლიტიკა
საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა - პრემიერი ბახტაძე იმედოვნებს, რომ 2019 წელს ალიანსს კიდევ უფრო დავუახლოვდებით

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. „საქართველოში ჩამოდის ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და მისი ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი საზოგადოების მხარდაჭერა მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიმართ კიდევ უფრო ძლიერი გახდა და მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრეა.

ამასთან, ჩვენთვის ძალიან წარმატებული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, მათ შორის ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გზავნილის შესახებ ისაუბრა ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება იქნება პრიორიტეტული შემდეგი წლების განმავლობაში როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ნატოსთვის. ეს იყო ის გზავნილი, რომლის მიტანასაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე ევროპული საზოგადოებისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ 2019 წელზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ ნატოსთან ჩვენი დაახლოება კიდევ უფრო შედეგებზე ორიენტირებული იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.