საზოგადოება
თითოეულმა ჩვენგანმა იწვნია, რა შედეგებამდე მიგვიყვანა წინა ხელისუფლების ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ! - მამუკა ბახტაძე

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. არავინ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ყველაფერი კარგად არის და პრობლემები არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით ილაპარაკა.

პრემიერის თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოების ნაწილი კვლავ ლოიალურად არის განწყობილი კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ, რაც სერიოზული პრობლემაა.

თუმცა, მეორე მხრივ, თითოეულმა ჩვენგანმა იწვნია, თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანა წინა ხელისუფლების .. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ – „ყველა ციხეში“, რომელიც, სხვათა შორის, ამ დარბაზში გაჟღერდა და ზოგიერთმა თქვენგანმა ოვაცია გამოხატა ამ სიტყვების მიმართ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, კრიმინალს ხელისუფლება უპირისპირებს კანონით დადგენილ პოლიტიკას, რადგან პრემიერის შეფასებით, დემოკრატიულ ქვეყნებში დანაშაულთან ბრძოლა არ ხდება ადამიანის უფლებების ხარჯზე, მათ შორის, სიცოცხლის ხელყოფის, პატივისა და ღირსების შელახვის ხარჯზე.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია არსებული მდგომარეობის რეალურად შეცვლა და გამოსწორება, სადაც აუცილებელია, ეს იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც საჭიროა, გატარდება დამატებითი რეფორმები, რომლებიც სამართალდამცავთა საქმიანობას გახდის უფრო ეფექტიანსა და ხარისხიანს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახორციელებს ისეთ ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უპრეცედენტოა ბოლო წლების განმავლობაში.

ასევე, რეფორმის ფარგლებში, ფართოდ ინერგება პრევენციული მექანიზმები ყველა სამართალდამცავ სტრუქტურაში.

ასევე, აღსანიშნავია გამოძიების ხარისხის მონიტორინგი. ამ მიზნით, 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი.

შესაბამისად, ყველა ეს ღონისძიება და რეფორმა, რომელიც დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს, აუცილებლად მიგვიყვანს უფრო ეფექტიან და ხარისხიან საპოლიციო საქმიანობამდე, რაც საქართველოში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას.

მიგვაჩნია, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის სტუმრის უსაფრთხოება.

ჩვენ არასდროს დავბრუნდებით წარსულში, ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესული და შეუქცევადი რეფორმების გატარებას, რადგან მხოლოდ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებით, ობიექტური სტატისტიკის წარმოებით, რეალური სურათის დადებით ჩვენ შევძლებთ, გავუმკლავდეთ ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ ამოცანებსა და გამოწვევებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას.