აქტუალური
ეს უნდა გადაწყვიტოს საქართველომ და ნატოს წევრმა ქვეყნებმა, და არა რუსეთმა! სტალინსაც არ მოეწონა, რომ ნორვეგია ალიანსის წევრი გახდა! - სტოლტენბერგი

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ალიანსის ყველა ქვეყანამ თქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ეს ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

კითხვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ამ პროცესში რუსეთის როლს ეხებოდა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, მას თვითონ შეუძლია აირჩიოს, რა ტიპის უსაფრთხოების მექანიზმებში გაწევრიანდეს.

ნატოსთვის პრინციპული მნიშვნელობისაა ფაქტი, რომ ყველა ერს აქვს თავისი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, მას თვითონ შეუძლია აირჩიოს, რა ტიპის უსაფრთხოების მექანიზმებში გაწევრიანდეს. არა მარტო ნატო აცხადებს ამას, არამედ ეს პრინციპი შეთანხმებულია ყველა ერს შორის. რუსეთმაც განაცხადა ამაზე თანხმობა, ხელი მოაწერა ჰელსინკის საბოლოო აქტს და ბევრ სხვა დოკუმენტს, სადაც აშკარად და ცხადად არის დადასტურებული, რომ ყველა ერს აქვს საკუთარი მომავლის არჩევანის უფლება, სამხედრო ალიანსში გაწევრიანება და ..

აქედან გამომდინარე, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა მას მომავალში და ჩვენ როცა მზად ვიქნებით თქვენს მისაღებად, არავის ექნება ამ შემთხვევაში გამოკვეთილი აზრი იმდენად, რამდენადაც ჩვენ არ ვაძლევთ ძლიერ სახელმწიფოებს ან მსხვილ სახელმწიფოებს მიკერძოებული აზრის ქონის შესაძლებლობას.

საქართველოსთან მეზობლობა ჩრდილოეთით, რა თქმა უნდა, გასაგებია, მაგრამ ნორვეგიაც არის მსგავს სამეზობლოში. რუსეთი ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ვერ იტყვის, მეზობელმა რა უნდა გააკეთოს. 1949 წელს გახდა წევრი. სტალინს არ მოეწონა ეს ფაქტი, მაგრამ ალიანსის წევრი ქვეყნები ამბობდნენ, სტალინის ნებას კი არ მივყვებით, ჩვენ შეთანხმებულად ვმოქმედებთო. ეს შეეხებოდა ნორვეგიას, იგივე მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც. ეს თქვენზე და ალიანსის 29 წევრ ქვეყანაზეა დამოკიდებული, თქვენი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ალიანსის წევრები და საქართველო გადაწყვეტენ, როდის იქნება ქვეყანა მზად, გაწევრიანდეს ნატოში.

ალიანსის ყველა სახელმწიფო თქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და რომელიღაც ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არაა, საქართველო გახდება თუ არა ნატოს წევრი. თქვენ უნდა განახორციელოთ რეფორმები, ამაზე ვისაუბრეთ ზუსტად. ამაზე ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში. მოდერნიზაცია აუცილებელია. თქვენ დიდი წინსვლა გაქვთ. ჩვენ ამას ვაღიარებთ, ძალიან მოგვწონს და მოგიწოდებთ, კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს საქართველოს სასიკეთოდ, ნატოს სასიკეთოდ და ეს იქნება თავსებადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

ვმუშაობთ ავღანეთში ნატოს სწავლებებში. დარწმუნებული ვარ, ალიანსის წევრები და საქართველო გადაწყვეტენ, როდის იქნება ქვეყანა მზად, გაწევრიანდეს ნატოში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.