აქტუალური
ქართველი ერის არჩევანია ნატოში ინტეგრაცია და არავის აქვს უფლება, ჩარევას შეეცადოს და ბარიერები შექმნას - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ქართველი ერის არჩევანი გახლავთ ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია. შესაბამისად, ეს არის საქართველოსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებისა და ურთიერთობის საკითხი. არავის არ აქვს უფლება, ამაში შეეცადოს ჩარევას და შექმნას ბარიერები, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე რუსეთის ფაქტორს უკავშირდებოდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნატოს გენერალურმა მდივანმა მნიშვნელოვან გზავნილებზე ილაპარაკა, რომ ნატო აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას.

მთავარი გზავნილი არის ის, რაც მოვისმინეთ სტოლტენბერგისგან, რომ არავის აქვს უფლება, შეუზღუდოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, სუვერენულ ქვეყანას თავისი არჩევანი. ქართველი ერის არჩევანი გახლავთ ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია, შესაბამისად, ეს არის საქართველოსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებისა და ურთიერთობის საკითხი. არავის აქვს უფლება, რომ ამაში შეეცადოს ჩარევას და შექმნას ბარიერები. ვაგრძელებთ ეფექტურად ამ ინტეგრაციის გზაზე სიარულს, გვესმის, რომ ბუნებრივია, ერთ დღეში ვერ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამავე დროს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ძლიერი გზავნილები, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ნატო აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას. მინდა, კიდევ ერთხელ საზოგადოებას შევახსენო იმ გადწყვეტილების შესახებ, რომელიც მიიღეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს რეფორმათა ის პაკეტი, რომელიც უნდა განვახორციელოთ და მოვახდინოთ მისი იმპლემენტაცია, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ნატოს სტანდარტს და ავამაღლოთ ჩვენი თავსებადობა ნატოსთან. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება დღე და საქართველოს პრინციპული გადაწყვეტილება რეალობა გახდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.