საზოგადოება
იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ ნატოს განსაკუთრებულ ინტერესს ცხადყოფს - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ ნატოს განსაკუთრებულ ინტერესს ცხადყოფს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ნატოსთან სხვადასხვა ფორმატებში და ეს საბოლოო ჯამში იმას უზრუნველყოფს, რომ საქართველო ნატოს თანდათანობით დაუახლოვდება და ჩვენ საბოლოოდ ნატოს წევრი ქვეყანა აუცილებლად გავხდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს გენერალური მდივნის მიერ არჩევნების საკითხზე გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები იყო.

ყველა ვთანხმდებით, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო საქართველოში.

დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები იყო. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა დემოკრატიული არჩევნები და, შესაბამისად, არა მარტო უნდა გავუფრთხილდეთ ამ მიღწევას, არამედ კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს სურს იხილოს კიდევ უფრო მეტი წინსვლა რეფორმების ფარგლებში და გაძლიერდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები, განსაკუთრებით არჩევნების წარმოების კუთხით.