საზოგადოება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს, სააკაშვილს კი უნდა, ქვეყნის სმარტფონით მართვა შემოიღოს

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. ვაშაძის კანდიდატურას კენჭი პარტიის ყრილობაზე უყარეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც, როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია.

კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა.

რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პარტიის წევრები შეთანხმდნენ, რომ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უყრიდნენ კენჭს.

საქართველოს მოქალაქეებს უნდა მივცეთ საშუალება, სადაც არ უნდა იყვნენ, ქვეყანა სმარტფონის მეშვეობით მართონ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

საქართველო იქნება ქვეყანა, რომელიც შეძლებს სულ ახალი მეთოდების დანერგვას, მათ შორის პირდაპირი ელექტრონული დემოკრატიის.როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს აქტივისტებზე, ჩვენი ორგანიზაცია უნდა ვმართოთ პირდაპირი ელექტრონული დემოკრატიით, ანუ ყველა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ არა მე, არა თქვენ და არა პოლიტსაბჭომ მხოლოდ, არამედ თითოეულმა, 400 ათასმა აქტივისტმა ელემენტარული სმარტფონის მეშვეობით.

ჩვენ უნდა მივცეთ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, მართონ თავისი ქვეყანა სმარტფონის მეშვეობით. კენჭისყრებში მიიღონ მონაწილეობა სმარტფონების მეშვეობით. ეს აპლიკაცია გამოიცდება დღეს, მანდ, დარბაზში. „ნაციონალური მოძრაობაარის დიდი იდეების ორგანიზაცია და პარტია, რაზეც თავიდან ყველას ეცინება, გიჟებად გვაცხადებენ და მერე რომ გაკეთდება, დიდი ამბავიო, იძახიან.

ჩვენ ვართ დიდი იდეების პარტია, მაგრამ პირველ რიგში ვართ ხალხის პარტია. ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პარტიისა და ქვეყნის მართვაში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.