საზოგადოება
სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში - საქართველოს პარლამენტი „ბავშვის უფლებათა კოდექსს“ განიხილავს

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ბავშვის უფლებათა კოდექსს განიხილავენ.

გადავწყვიტეთ, კანონპროექტში ჩაგვეწერა მუხლი, რაც აბსოლუტურად თავსებადობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან. თუ რომელიმე მშობელს უნდა, თავის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს შეუძლია, თუმცა მან უნდა მისცეს თანხმობა. ვისაც არა აქვს ამის სურვილი, ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება. შეიძლება, მშობელი იმ კონკრეტული გაკვეთილების შინაარსს არ ეთანხმებოდეს. ასეთი ფორმით მიწოდება არ უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებაში არ გამოიწვიოს დაპირისპირება, არ გამოიწვიოს მღელვარება, ზოგჯერ სამართლიანი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ფორმულირება ჩავსვათ და შემოვიტანოთ ასეთი ვალდებულება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოს პარლამენტში მომზადებული „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტით, მოზარდები ღამის კლუბებში მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით, 18:00-დან 00:00 საათამდე დაიშვებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე განაცხადა.

ჩვენი მიზანია, ბავშვები მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ. ეს არის აზარტული თამაშები და ნარკოტიკები. ღამის კლუბებში ბავშვები შედიან და ნარკოტიკს იკეთებენ ან პროსტიტუციაში ებმებიან. მოზარდები ღამის კლუბებში 18:00 საათიდან 12:00 საათამდე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით დაიშვებიან. პატარა ბავშვი ღამის კლუბში ვერ წავა.

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც კოდექსით გათვალისწინებულია, არის ის, რომ პრევენციულ პროგრამებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ, რომლებიც პრევენციულად იმოქმედებს. ანუ ბავშვების ენერგია ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და განათლებაში უნდა მივმართოთ. ბავშვები ასეთი ტიპის აქტივობებით უნდა დაკავდნენ. კოდექსის მიხედვით პრევენციული ნაწილი ძალიან ძლიერია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება, – აღნიშნული ჩანაწერი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტში განათლების მიღების უფლების თავში გაკეთდა.

აღნიშნულ ცვლილებებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, სადაც ცვლილებებს კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე წარადგენს.

კოდექსის განათლების მიღების უფლების თავში ნათქვამია, რომ ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება, ასევე სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა ბავშვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან ადრეულ და სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე განათლების ინკლუზიური სისტემის დანერგვისა და ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ჰარმონიზაციის გზით.