აქტუალური
საქართველოს სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალა და სპეცსამსახურები ინარჩუნებენ შესაძლებლობას, განახორციელონ ტერორისტული აქტივობების ინიცირება და ინსცენირება

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. ტერორისტული საფრთხეების კონტექსტში საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ადგილზე შექმნილი უკონტროლო ვითარება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა.​

რუსეთის საოკუპაციო ძალა და სპეცსამსახურები კვლავ ინარჩუნებენ შესაძლებლობას, მათი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, განახორციელონ სხვადასხვა ტერორისტული აქტივობების ინიცირება/ინსცენირება.

გამოწვევებზე საპასუხოდ ინტენსიურად ხორციელდებოდა ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ინფორმაციის გაცვლის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა. მიმდინარეობდა მუშაობა მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ზომების შეფასების, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების პასპორტიზაციისა და რისკების ანალიზის მიმართულებით. აქტიურად ხორციელდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების თანამშრომლების მომზადება/გადამზადება“, – ნათქვამია სუს-ის 2018 წლის ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავით გათვალისწინებული დანაშაულებების 10 საქმეზე, ასევე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები 2017 წელს დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.