სამართალი
საქართველოს სუს-ი: 2018 წელს საქართველოსთვის გამოწვევას წარმოადგენდა რუსული ოკუპაცია, საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. 2018 წელს სამსახურის საქმიანობა მიმართული იყო საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებისკენ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარ მიზანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. აღნიშნულის ფარგლებში სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა მიმართული იყო ქვეყნის კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის, საშინაო თუ საგარეო საფრთხეებისგან დაცვისა და ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფისკენ.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს უსაფრთხოებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები; საერთაშორისო ტერორიზმის ახალი ტენდენციები; სამხედრო დაპირისპირებების ახალი კერების გაჩენის საფრთხე; თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების გაზრდილი შესაძლებლობები.

2018 წელს საქართველოსთვის გამოწვევას წარმოადგენდა რუსული ოკუპაცია, საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული. ზემოაღნიშნულთან ეფექტურად გამკლავების მიზნით სამსახურის საქმიანობა მიმართული იყო საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებისკენ“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

სუს-ში აცხადებენ, რომ საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანაბრად იცავს ქვეყნის უსაფრთხოებასა და ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

სამსახური მოქმედებს კანონიერების, სამართლის უზენაესობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით.

დაკისრებული უფლებამოსილების სათანადოდ შესრულების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებდა სწორ საკადრო პოლიტიკას და ხელმძღვანელობდა ეფექტიანი მართვის სისტემით. შესაბამისად ხორციელდებოდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, უსაფრთხოების ოფიცრების ოპერატიული და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება. აქტიურად მიმდინარეობდა შიდაუწყებრივი და უწყებათაშორისი კოორდინაცია, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის შესავალ ნაწილში.