სამართალი
საქართველოს სუს-ი: 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა.

„2018 წელს აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა სირიასა და ერაყში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად. გასულ წელს სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა, 20-ზე მეტი იბრძოდა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში. აღნიშნული პირებისა და მათი ოჯახის წევრების ქვეყანაში შესაძლო დაბრუნების საფრთხესთან დაკავშირებით სამსახური განაგრძობს მუშაობას და განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.