საზოგადოება
„რუსთავი 2“: შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი გაქურდეს - სამხედრო საფრენ აპარატს ნაწილები ამოაცალეს

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი გაქურდეს. სარემონტოდ გადაყვანილი მი-8 ამ დრომდე ანგარშია და საცდელ გაფრენას ვერ ასრულებს. ვერტმფრენს ნაწილები მოხსნეს და მოიპარეს.

თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ანგარში, ვერტმფრენი შესაკეთებლად თავდაცვის სამინისტრომ გადაიყვანა, მოგვიანებით საფრენი აპარატი თავდაცვამ სასაზღვრო პოლიციას გადასცა და მისი სარემონტო სამუშაოები იწყებოდა.

მოულოდნელად საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე სამხედრო საფრენი აპარატების ზონაში განგაში გამოცხადდა. ბორტმექანიკოსებმა შემოწმების დროს აღმოუჩინეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენიდან ნაწილები მოპარული იყო.

თბილავიამშენის გენერალური დირექტორი ნოდარ ბერიძე შაბათის კურიერს უყვება, რომ გრძელია იმ ნაწილების სია, რომელიც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიდან მოიპარეს.

არ არის გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენების მოპარული ნაწილები უცხოეთში გაყიდეს. საბჭოთა წარმოების ვერტმფრენების ნაწილებს რუსეთი აწარმოებს. საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვი ნაწილებს აღარ აძლევს, არ აწვდის უკრაინასაც და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც, შესაბამისად, შავ ბაზარზე საფრენი აპარატების მეორად სათადარიგო ნაწილებზე მოთხოვნა დიდია.

საფრენი აპარატიდან ნაწილების მოპარვის ფაქტი ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა, ის ხელისუფლებამ დამალა. უკვე ერთია წელია, დაჰკითხეს ყველა, ვინც ამ ტერიტორიაზე მუშაობს, მიიყვანეს კრიმინალისტები და კინოლოგები, თუმცა, საქმე ვერ გამოიძიეს.

თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორია სტრატეგიული დანიშნულების ადგილია. ამ ზონაში სამი კოპანია მუშაობს - სამხედრო ტექნიკის და იარაღის მწარმოებელი დელტა, სამხედრო საფრენი აპარატების ქარხანა თბილავიამშენი და ავიასარემონტო კომპანია თამ მენეჯმენტი. ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები საერთოდ არ დგას.

„დელტას“ უსაფრთხოების უფროსი ამბობს, რომ საავიაციო ქარხნის ტერიტორიიდან ვერტმფრენის მოპარული ნაწილები არ გამოუტანიათ და არც უცხო პირები შესულან. ამიტომ პოლიცია იძიებს, ხომ არ გაძარცვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი თავად ქარხნის თანამშრომლებმა.

„დელტას“ უსაფრთხოების უფროსი პირდაპირ არ ამბობს, თუმცა მიანიშნებს, რომ მოპარული სათადარიგო ნაწილები შესაძლოა, სხვა ვერტმფრენების შესაკეთებლად გამოიყენეს.

თბილისში ამავე ქარხანაში რემონტდება და უცხო ქვეყნიდან შემოჰყავთ საფრენი აპარატები. თბილავიამშენის დირექტორი ადასტურებს, რომ ახლა ქარხანაში სამი სხვადასხვა უცხო ქვეყნის სამხედრო ვერტმფრენებია კაპიტალურ შეკეთებაზე.

თბილავიამშენის დირექტორი ამტკიცებს, რომ ნაწილები მათთან შესაკეთებლად შემოყვანილი ვერტმფრენისთვის არავის მოუპარავს და კა-100, რომელიც ვერტმფრენს წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება, სხვა საფრენ აპარატზე გადააყენეს.

უკრაინელი ბორტმექანიკოსი სერგეი, რომელიც თბილისიდან რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა, თბილავიამშენში ერთ-ერთი უცხო ქვეყნის ვერტმფრენების შესაკეთებლად მოიწვიეს.

მისი თქმით, ქარხანა კონფლიქტის ფონზე დატოვა, რადგან ვერტმფრენს, რომელსაც უცხოელებისთვის თბილისში აკეთებდნენ, უკვე ასაფრენად ამზადებდნენ, როდესაც აღმოჩინეს, რომ ნაწილები მოპარული იყო.