პუბლიკაციები
საქინფორმი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ივანიშვილს რეკომენდაციას აძლევს, პრემიერად გიგი წერეთელი დანიშნოს იმიტომ, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს ლავროვთან, და კიდევ იმიტომ, რომ ის ნევროპათოლოგია!

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტის პირველ დეკადაში არიზონას მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერმა ულტიმატური პირობები წაუყენა საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს: ან მის მიერ დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება“ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებას დაუთმობს პარტია „ევროპულ საქართველოს“ და სამაგიეროდ ივანიშვილი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს; ან მას იანუკოვიჩის ბედი მოელის - რისკავს, აშშ-ში განთავსებული მთელი ფული დაკარგოს და საქართველოს დატოვება მოუხდეს „ვარდების რევოლუცია 2“-ის შედეგად, რომელსაც დაბრუნებული სააკაშვილი გააჩაღებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ჩანაფიქრით, მთავრობა კოალიციური უნდა გახდეს, „ევროპული საქართველოს“ მთავარი ლიდერი გიგა ბოკერია - სააკაშვილის დროინდელი უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგი - ჩრდილში დარჩება, სამაგიეროდ, ნაკლებად ოდიოზურები - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ყოფილი ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი - შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს დაიკავებენ. რამდენად რეალურია ეს სცენარი, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2003 წელს ჯეიმს ბეიკერი ანალოგიური წინადადებით ეწვია ედუარდ შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს?

     საქინფორმი: სრულიად რეალურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კულუარული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს უკვე დიდი ხანია, თვითონაც იზიდავენ პარტია „ევროპული საქართველოს“ ზემოთ ჩამოთვლილი ლიდერები, მას სურს, ეს პარტია სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად კონსტრუქციულ ოპოზიციად ჰყავდეს. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა მისი საკუთარი პარტიის ლიდერები პროფესიულად უვარგისი პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ, „ლეიტენანტ შმიდტის შვილებივით“ დალანძღეს ერთმანეთი და ჯერ კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშალეს, ახლა კი იმავე სახელწოდების პარტიას ანგრევენ!

ვაშინგტონს განსაკუთრებით იზიდავს ყველასთვის მისაღები გიგი წერეთლის ფიგურა - გასულ წელს ის შემთხვევით როდი აირჩიეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად (მანამდე წერეთელი, როგორც უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო 2017 წლის 9 ნოემბრიდან, პირველად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი წერეთელი 2012 წელს გახდა, ხოლო 2015 წელს ის ხელახლა აირჩიეს).

გაწონასწორებული თბილისელი, პროფესიით ექიმი ნევროპათოლოგი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია დღევანდელი ეგზალტირებული ქართული პოლიტისტებლიშმენტის ფონზე; გამოცდილი სახელმწიფო მოხელე, რომელმაც გაიარა გზა რიგითი ექიმიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერამდე და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრამდე; მოქნილი პოლიტიკოსი, რომელმაც „ევროპულ საქართველომდე“ ბევრი პარტია გამოიცვალა - შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“, ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“, სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, თანაც ისე, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა - ამას გნებავთ, კონფორმიზმი უწოდეთ, გნებავთ, კარიერიზმი, ფაქტია, რომ კეთილგონიერებას წერეთლისათვის არასოდეს უღალატია.

წერეთელი აშშ-სთვის კიდევ იმიტომ არის მისაღები, რომ მიუხედავად ყველა იმ პარტიის კრიტიკულად პროამერიკული ვექტორისა, რომლის წევრიც იგი იყო, გიგიმ შეძლო, კეთილმოსურნე ურთიერთობა დაემყარებინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან. რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისა და იმის მიუხედავად, რომ საქართველოს არცერთ ხელმძღვანელს რუსეთთან დიალოგი არ სურს, წერეთელი არაერთხელ შეხვდა ლავროვს და მისი კეთილი განწყობა დაიმსახურა - ჯერ 2017 წელს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, შემდეგ კი 2018 წლის დეკემბერში, უკვე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს სხდომის დროს მილანში. „შედგა აზრთა გაცვლა-გამოცვლა საერთო ევროპული დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე და საპარლამენტო კონტაქტების როლზე ნდობის კრიზისის დაძლევაში, ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს შორის კონსტრუქციული დიალოგის და თანამშრომლობის დამყარებაში“, - იუწყებოდა მაშინ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ერთდროულად მისაღები რუსეთისთვის და აშშ-სათვის?! - ნუ გიკვირთ, აქ არ არის კოლიზია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. საქმე ის არის, რომ ვაშინგტონს ყველაზე მეტად არ უყვარს, როცა „გადამეტტვირთავენ“ ხოლმე - რაღაცას სთხოვენ, თავს აბეზრებენ, ზოგჯერ ავალდებულებენ კიდეც და მისივე სიტყვებით სპეკულირებენ, როგორც სააკაშვილი აკეთებდა! საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ვერ გაიგო და ამიტომ სააკაშვილის მთავარი შეცდომა გაიმეორა: ყოველდღიურმა აპელირებამ „დასავლელ პარტნიორებზე“, რომლებსაც მოქმედი ქართული ხელმძღვანელობა ავალდებულებს, უფრო აქტიური „ზეწოლა მოახდინონ“ რუსეთზე, რათა მან საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი დაუბრუნოს, კიდევ უფრო მეტად მოაბეზრა თავი თეთრ სახლს, ვიდრე თავის დროზე სააკაშვილის წუწუნმა და პროვოკაციებმა! ამიტომაც ამერიკა, რომელსაც საქართველოში სტაბილურობა ორი მიზეზით სჭირდება - როგორც საიმედო საჰაერო და სახმელეთო დერეფანში ავღანეთისაკენ და საზღვაო ბაზირებისთვის საქართველოს შავი ზღვის პორტებში - დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შემცვლელს ეძებს.

ჰოდა, გამოდის, რომ საქართველოში მომავალი მხოლოდ იმ პარტიას აქვს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას დაარეგულირებს, ყველა დანარჩენი - პოლიტიკური მედროვეები არიან.

საქინფორმი